ბათუმის მუზეუმში ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
15 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმმა პოეზიისა და მუსიკის განსაკუთრებულ საღამოს უმასპინძლა. სტუმრების წინაშე ცნობილი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ერეკლე საღლიანი წარდგა.
საღამო პოეზიისა და მუსიკის ჰარმონიულ ერთიანობად იქცა. ერეკლე საღლიანი სტუმრებს საკუთარ შემოქმედებაზე, პოეზიაზე, ადამიანზე, სამშობლოს სიყვარულსა და იმ ღირებულებებზე ესაუბრა, რომლებიც მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
შეხვედრამ უშუალო და საინტერესო ფორმატი შეიძინა – ავტორთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რამაც სტუმრებს საშუალება მისცა, მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და პოეტისთვის მასთან ცოცხალი გულწრფელი დიალოგი გაემართათ.
შემოქმედებით საღამოს მწერლები, პოეტები და მუზეუმის სტუმრები ესწრებოდნენ.

ლიტერატურულ ნაწილს მუსიკალურმა გაფორმებამ კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობა შესძინა. საღამო მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა „ეთნოსმა“. მუზეუმის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ანსამბლ „ეთნოსს“ და მის ხელმძღვანელ ომარ ყურავას, საღამოს მუსიკალური გაფორმებისა და იმ განსაკუთრებული ემოციური გარემოს შექმნისთვის, რომელმაც პოეზიის საღამო კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ბათუმის მუზეუმისთვის ეს შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, ერთ სივრცეში გაერთიანებულიყო ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა და ქართული კულტურა – ხელოვნების ის მიმართულებები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან დიალოგისა და ემოციის გზით აკავშირებს.