ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
By

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით, ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმში, კვინიტაძის ქუჩა №3-ში, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების მიზნით განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ფარგლებში იმავე ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში არსებული საცხოვრებელი ბინის სანაცვლო ქონების სახით გადაცემის თაობაზე“ საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის განკარგულებაში. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება – თამარ მეფის გამზირის №55-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში, პირველ სართულზე არსებული ბინა №4, ფართით 60.30 კვმ. და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა, შემდგომში მისი ფაქტობრივი მფლობელისთვის გადაცემის მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციას.

საკრებულომ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დაფუძნებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები შეიტანა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის ნორმატიულ აქტებში, კერძოდ: ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში; ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილება; ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა
და საშტატო ნუსხაში; მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში; მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №25 დადგენილებაში; მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ საკრებულოს 2019 წლის 30 ოქტომბრის №31 დადგენილებაში; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №13 დადგენილებაში; „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებაში.

საკრებულომ, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზების მიზნით შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფს, უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა. დღესვე საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების ახალი წესი. ახალშემუშავებული წესით განისაზღვრება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების პირობები, შესაბამისი განცხადების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა, განცხადების განხილვის, ხარვეზის დადგენისა და აღმოფხვრის ვადები, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისა და მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებული ვადები, კანონითა და წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან, საქართველოს კულტურის სფეროში უფლებამოსილ ორგანოებთან, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში უფლებამოსილ ორგანოსთან და სხვა მიმართულების უწყებებთან კოორდინაციის მექანიზმები, საკუთარი სახსრებით მემორიალური ობიექტის განთავსების წესი, ობიექტის ვიზუალური ინსპექტირებისა და მიღება-ჩაბარების პროცედურები, განთავსებულ ობიექტზე QR-კოდის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მექანიზმი.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *