ბათუმი რამდენიმე დღით ქვეყნის მთავარ სპორტულ ცენტრად გადაიქცა
2 ივნისს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ასეთი ფესტივალი ქვეყანაში პირველად ტარდება. ამიტომ იყო, რომ ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდულმა მულტისპორტულმა ღონისძიებამ იმ საღამოს სტადიონზე ათასობით მაყურებელი ერთად შეკრიბა, რომელთა შორის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან სპორტსმენები, მწვრთნელები, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ…
აღნიშნული ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. მისი აქტიური მხარდამჭერებია საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია.
ფესტივალის გენერალური სპონსორია Coca-Cola Bottlers Georgia ორი წამყვანი ბრენდით – Coca-Cola და „მთის“.
ბათუმში ახალგაზრდა სპორტსმენებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის მნიშვნელოვანი შანსი მიეცათ, ამასთან, მაღალი დონის სპორტული გამოცდილებისა და დიდი წარმატებებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალება.
ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში იმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდი იღებს. მონაწილეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 1200 სპორტსმენს შეადგენს. ფესტივალზე 14-7 წლის ახალგაზრდები ასპარეზობენ.
ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულები სპორტის ცალკეულ სახეობებში გამოვლინდებიან, ხოლო მთავარი პრიზი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო ჩათვლაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.
გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს 12-ივე რეგიონის დელეგაციების აღლუმი გაიმართა. მაყურებელმა მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იხილა – ქორეოგრაფიული ნომრებითა და თანამედროვე ვიზუალური ეფექტებით, ასევე, ვიდეორგოლი ქართველი ოლიმპიელების წარმატებების შესახებ.
აღლუმის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ქართული ცეკვებით ძალიან ლამაზად წარმოადგინა ქართული სული – ეს მართლაც საოცარი სანახაობა იყო. ახალგაზრდა სპორტსმენებმა საზეიმოდ ჩაიარეს სტადიონზე, ტრიბუნების წინ და თავიანთი რეგიონები წარადგინეს. სწორედ ეს სპორტსმენები იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის ოლიმპიადის დღეებში მიმდინარე სპორტულ ასპარეზობებში.
განსაკუთრებული წუთები დადგა, როცა დიდ ეკრანზე უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გამოსახულება გამოჩნდა და მისი სიმღერა „ალილუია“, სიტყვები – „საქართველო, მიყვარხარ“ გაისმა.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილი, რომელმაც ფესტივალი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
ცერემონიას, ასევე, ესწრებოდნენ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.
ლამაზი სანახავი იყო მასშტაბური ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ხორუმი“, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ერთად შეასრულეს. ასეთი მასშტაბური ღონისძიების მნიშვნელობა ისიცაა, რომ სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდები გააერთიანოს და დაამეგობროს.
ოლიმპიურმა ჩემპიონებმა და პრიზიორებმა საზეიმოდ შემოიტანეს და აღმართეს ფესტივალის დროშა.
ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების სახელით ფიცი აჭარის წარმომადგენელმა, ტაეკვონდოისტმა ვიოლა ცეცხლაძემ დადო.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა, რომელიც მომღერალმა სოფო ხალვაშმა შეასრულა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები ,,ივერიონი“ (ქორეოგრაფი – ლევან სუთიაშვილი), ,,ლეგენდა“ (ქორეოგრაფი – თორნიკე გელაშვილი), ,,მალულა“ (ქორეოგრაფი – თემურ გიორგაძე), ,,გენი“ (ქორეოგრაფი – გიორგი ონიანი), ,,კახელო“ (ქორეოგრაფი – თემურ ჯანიაშვილი), ,,ოჰოი“ ნანა“ (ქორეოგრაფი – ალეკო ხიდაშელი), „ლაშქარი“ (ქორეოგრაფი – ლაშა გოგიტიძე), „მწვერვალი“ (ქორეოგრაფი – ამირან პაიჭაძე), ,,მთაწმინდა“ (ქორეოგრაფი – გიორგი ფარსენაძე).
ღონისძიების დამდგმელი ქორეოგრაფები გიორგი ფარსენაძე, ზურაბ სვანაძე, დამდგმელი მხატვარი ლუკა ბესელია იყვნენ,
რეჟისორები – ზაზა სიხარულიძე და ზვიად მურვანიძე. ცერემონია დიქტორ გიორგი ჭანიშვილს მიჰყავდა.
მასმედიასთან კომენტარები გააკეთეს ფესტივალის ორგანიზატორებმა, მხარდამჭერებმა და მონაწილეებმა.
შალვა გოგოლაძე:
– აქ მონაწილე სპორსტმენები, გვჯერა, მომავალში საქართველოს დიდ საერთაშორისო ტურნირებზეც წარმოაჩენენ და გაიმარჯვებენ, ამასთან, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონების ტიტულსაც მოიპოვებენ. მინდა, თითოეულ სპორტსმენს ვუსურვო წარმატება როგორც ბათუმში, ისე ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე, საერთაშორისო ტურნირებში და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასეც იქნება.
ვიოლა ცეცხლაძე ტაეკვონდოისტი:
– საქართველოს ჩემპიონი ვარ, რა თქმა უნდა, საპრიზო ადგილებისთვის მაქსიმალურად ვიბრძოლებ.
ზურაბ პატარაძე:
– აღლუმზე არაერთი სპორტსმენი ვიხილეთ, მათ შორის, 118 ბავშვი აჭარიდან. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში სპორტის 17 სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს და ვუსურვებ მაღალ შედეგებს.
ლერი ხაბელოვი:
– ოლიმპიური სულისკვეთების, ოლიმპიური მოძრაობის მიზანია, მეტი ჯანსაღი ახალგაზრდა, მეტი წარმატებული სპორტსმენი ჰყავდეს საქართველოს.
ელგუჯა ბერიშვილი:
– გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ძალიან მოკლე დროში უმნიშვნელოვანესი საქმე გააკეთა იმისთვის, რომ დღეს ეს დღესასწაული შემდგარიყო.
მაია ხაჯიშვილი:
– დღევანდელი დღე მინდა მივულოცო არა მარტო ჩვენს ქალაქს და რეგიონს, არამედ მთლიანად საქართველოს, თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც უყვარს სპორტი, გულშემატკივრობს სპორტს, განსაკუთრებით კი სპორტული ზეიმის მონაწილე ახალგაზრდებს. ვფიქრობ, რომ მათ ცხოვრებაში ამ საღამოს გახსნის ემოციები იქნება დამატებითი მოტივაცია იმისთვის, რომ სპორტული კარიერა ამ ფესტივალის ფარგლებში დაიწყოს, შემდეგ გააგრძელოს და ჩვენს ქვეყანას წარმატება მოუტანოს. ეს არის პროექტი, რომელმაც, ვფიქრობ, ოლიმპიური სულისკვეთება ნათლად წარმოაჩინა – ის, რომ შეგვიძლია მთელი საქართველო გავერთიანდეთ და ხმამაღლა ვთქვათ – რას ნიშნავს იყო ქართველი, იყო საქართველოს წარმომადგენელი. და ეს ყველაფერი წარმოადგინო ერთდროულად სპორტის, კულტურის და ჩვენი სულიერების ხმამაღალი წარმოჩენით. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ყველაფრის ინიციატორი და მხარდამჭერია – საქართველოს მთავრობას, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას და რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროს გუნდს. ჩვენ ერთად გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ბათუმისთვის ასეთი ზეიმი გვეჩუქებინა.
მანანა ძიძიშვილი