ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის მატჩებს მასპინძლობს
ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძესთან, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე თითქმის ყველა სპორტის სახეობაში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და ღირსეულად არის წარმოდგენილი.

სპორტის მხარდაჭერა, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება, რაც მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ყველა მონაწილეს წარმატებულ ასპარეზობას, ღირსეულ შეჯიბრებასა და გამარჯვებებს ვუსურვებ“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.
ასპარეზობის პირველ დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი ნორვეგიელთა გამარჯვებით დასრულდა.
ევროლიგის B დივიზიონის გათამაშებაში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მონაწილეობენ: ლატვიის, აზერბაიჯანის, მალტის, ინგლისის, ნორვეგიისა და სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებები, რომლებიც A დივიზიონში დაწინაურებისთვის იბრძვიან.
ჩემპიონატები საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.