ბათუმს ცხრა ახალი და რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება
By

ბათუმს ცხრა ახალი და რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მთავრობის წარმომადგენლები ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლებში დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, №3 და №12 საბავშვო ბაღებში განახლებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, №18 საბავშვო ბაღში მიმდინარე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.

ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლებში, ჯამში 2 400 მოსწავლე ისწავლის. აქ მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და საერთო სივრცეები, განახლდა საინჟინრო სისტემები და გარე ინფრასტრუქტურა, შენობები კი სრულად ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. №5 სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია, მოეწყო საფეხბურთო მინი მოედანი, №4 სკოლაში განახლდა სპორტული მოედანი, ეზო და გაუმჯობესდა შენობის ენერგოეფექტურობა.

სრულად რეაბილიტირდა №3 და №12 საბავშვო ბაღები. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, საინჟინრო, გათბობისა და უსაფრთხოების სისტემები, სველი წერტილები და სამზარეულოები. ასევე, გრძელდება №18 ბაღის გამაგრების და შიდა და გარე სივრცეების სრული განახლების სამუშაოები.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა აჭარაში ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განსახორციელებლად ტენდერები გამოაცხადა. მათ შორისაა გონიოს დასახლებაში 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, ბათუმს ცხრა ახალი და რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება. სამი მათგანი სააღმზრდელო პროცესში უკვე ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს ჩართვას, ოთხი – წლის ბოლომდე, ხოლო კიდევ ორი ბაღის პროექტი 2027 წლის იანვარში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს აჭარის მთავრობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შონიამ, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *