ბათუმში პირველკლასელებმა 600-ზე მეტი ნერგი დარგეს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის ფარგლებში, 4 ნოემბერს ბათუმში პირველკლასელებმა 600-ზე მეტი ნერგი დარგეს.
დარგვის პროცესში მოსწავლეებთან ერთად აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები ჩაერთნენ.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ აქციას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძეც, რომელმაც კამპანიის მხარდაჭერის ფორმატში პატარებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
პროცესში ჩართულები არიან პირველკლასელები, რაც ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტს სძენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო-შემეცნებით კომპონენტს და გათვლილია პატარებში გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.
პროგრამა “ჩემი პირველი ნერგი” 22 ოქტომბერს დაიწყო და მის ფარგლებში გათვალისწინებულია ჩვენს რეგიონში 5000-ზე მეტი ნერგის დარგვა.
აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის სპეციალურად შეიქმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ვებპლატფორმა https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა აქვს, თვალი ადევნოს საკუთარი ნერგის ზრდასა და განვითარებას.