ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა 2026“ იმართება
By

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა 2026“ იმართება

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა 2026“  უამინდობის გამო, ერთი დღით გადაიდო და დღეს დასრულდება. ევროპის მოედანზე აჭარული სოფლების ტრადიციებს, კულტურას, ხალხურ რეწვასა და ადგილობრივ გასტრონომიას გაეცნობით. ღონისძიება აჭარის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება და სოფლის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენასა და სოფლად მოგზაურობის წახალისებას ემსახურება.

ფესტივალი 14 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ოთხივე სეზონზე ტურიზმის განვითარებასა და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ფესტივალი მთავრობის, ბიზნესისა და ფერმერების ერთობლივი მუშაობის მაგალითია, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი ნაწარმის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

გამოფენა-გაყიდვაზე ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 200-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძებია წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება აჭარულ სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების გაცნობას ეთმობა.

ფესტივალის გახსნას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, ფესტივალი უამინდობის გამო 16 ნოემბრისთვის გადაიდო.   სტუმრებს დღესაც  შესაძლებლობა აქვთ, ქალაქიდან გაუსვლელად გაეცნონ აჭარული სოფლების ყოფას, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და შეიძინონ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია  აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები. ეწყობა სპეციალური კულინარიული სივრცეები, სადაც ადგილზევე მზადდება ტრადიციული კერძები. ადგილზე ტარდება თიხის დამუშავების, ქარგვისა და კულინარიის მასტერკლასები.

განსაკუთრებული თემატური სივრცე ეთმობა აჭარულ სოფელს, რომელსაც „გარდენია შევარდნაძე“ წარმოადგენს. დეკორაციებით გაცოცხლებულია აჭარული სოფლის ავთენტური გარემო, ტრადიციები და მთიანი მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი ყოფა.

ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები და მუსიკალური ჯგუფები.

დღეს ფესტივალის ,,განდაგანა“ სტუმრების წინაშე წარდგებიან ანსაბლები  ,,ოდა“, ,,გორდელა“, ,,კახაბერი და ხანუმები“, ტრიო ,,გოგლაურა”, ,,მასპინძელი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,რასა“, ფოლკლორული ანსამბლები ,,შუახევი“, ,,ათძალი“ და  ,,ნართი“.

ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი აჭარის სოფლების პოპულარიზაცია, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეების, ხელოსნებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლების პოპულარიზაციას.

  • No Comments
  • ნოემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *