„ბაქომ გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად, აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკიდან“
„ხალხის ძალის“ წევრმა, პოლიტანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა საკუთარ ფეისბუქგვერდზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის განცხადებაზე:
„დღეს ყარაბაღის შუშაში მე-4 გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე, პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ „თუ აზერბაიჯანი სრულად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენს ქვეყანაში ამას, ალბათ, ვერავინ შეამჩნევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებითად არაფერი შეიცვლება. დიახ, შესაძლოა, უკეთესიც იყოს საბჭოს წევრად დარჩენა, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ მუდმივ თავდასხმებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ისინი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან ერთგვარი აკვიატებაა.“
ამ შეფასებაში ჩვენთვის ახალი და უცხო არაფერია – სამხრეთ კავკასიაში ცალსახად დარჩა ორი ქვეყანა: აზერბაიჯანი და საქართველო, სადაც ევრობიუროკრატია ვერ აღწევს “მენეჯმენტის” შეცვლას, მრავალწლიანი უშედეგო მცდელობების მიუხედავად… და არის კიდევ სომხეთი – სადაც ბრიუსელს ჰგონია, რომ ამ კუთხით წარმატებას მიაღწიეს: “ნეტარ არიან მორწმუნენი”. ასეა თუ ისე, ბაქომ გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად, აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს (რა გაეწყობა), რა თქმა უნდა, პოლიტიკურად, რათა მისკენ “უმოკლესი გზა”, აზიიდან პირდაპირ სომხეთის გავლით გადიოდეს. რა პრობლემაა“…