ბელა ქებურია – პოეტი, რომლის მთავარი გზავნილი სიყვარულია
აჭარის მწერალთა სახლში, პროექტ „მწერლის საათის“ ფარგლებში, კიდევ ერთი გამორჩეული ლიტერატურული საღამო გაიმართა. ამჯერად, შეხვედრის მთავარი სტუმარი პოეტი ბელა ქებურია იყო – ავტორი, რომლის სახელი უკვე წლებია, ქართული პოეზიის, ადამიანური სითბოსა და შემოქმედებითი ერთგულების სინონიმად იქცა.
არიან ადამიანები, რომელთა არსებობაც ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, რომელთა შემოქმედება და პიროვნული ღირსებები ერთ მთლიანობად იქცევა და თაობებს აერთიანებს. ბელა ქებურია სწორედ ასეთი პოეტია. მის ლექსებში სიყვარული, სინაზე, სიკეთე, სევდა და ადამიანური სითბო ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს, მისი პოეზია მკითხველს გულწრფელი ემოციებით, ცხოვრების ღრმა განცდითა და განსაკუთრებული სიფაქიზით ამახსოვრებს თავს. იგი მრავალი წელია, არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის ერთგული მსახური, არამედ ახალგაზრდა ავტორების გულშემატკივარი, მხარდამჭერი და გზის გამკვალავიც არის.
ბელა ქებურია 12 წიგნის ავტორი, 14 წიგნის თანაავტორი და 20-ზე მეტი გამოცემის რედაქტორ-შემდგენელია. მისი ლექსები 11 ენაზეა თარგმნილი, წერს სცენარებს და არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, დავით აღმაშენებლის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ოქროს მედლისა და დიპლომის, „რჩეული შემოქმედისა“ და „დიდოსტატის“ წოდებების.
ბელა ქებურიას სახელი ბათუმის კულტურულ ცხოვრებასთან განუყოფლად არის დაკავშირებული. მისი შემოქმედება და პიროვნული ღირსებები წლების განმავლობაში აერთიანებდა ადამიანებს, რომელთათვისაც ლიტერატურა მხოლოდ სიტყვები კი არა, ცხოვრების წესია. სწორედ სიყვარულით, მადლიერებითა და გულწრფელი ემოციებით სავსე ატმოსფერო იყო აჭარის მწერალთა სახლში გამართულ საღამოზე, რომელიც მთლიანად ბელა ქებურიას შემოქმედებასა და მის პიროვნებას მიეძღვნა.
საღამოზე პოეტის შემოქმედებით გზაზე, მის როლზე თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და იმ სიყვარულზე ისაუბრეს, რომელსაც ბელა ქებურია წლების განმავლობაში თავისი პოეზიითა და ადამიანური დამოკიდებულებით იმსახურებს.

აჭარის მწერალთა სახლის დირექტორ ლალი კონცელიძის თქმით,
„მწერლის საათი“ აჭარის მწერალთა სახლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია და ეს არის საშუალება, მისცე ავტორს შესაძლებლობა, ისაუბროს თავის შეხედულებებზე, თავის შემოქმედებაზე, დღევანდელობისადმი დამოკიდებულებაზე, მომავალზე…
– ქალბატონ ბელას ყველა იცნობს, ვისაც ლიტერატურა და პოეზია უყვარს. ის გახლავთ გამორჩეული ავტორი და შესაბამისად, დღევანდელი საღამო დაუვიწყარი იყო მისი პოეზიის მოყვარულთათვის.
ქალბატონი ბელას შემოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ქალის ფიქრები, ძალიან გადამდები შემოქმედება. სწორედ აქედან მომდინარეობს ის სიყვარული, რომელიც დღეს ამ დარბაზში გადმოიღვარა. ქალბატონი ბელა იმდენ სიკეთეს ატარებს საკუთარ თავში, რომ ეს მის პოეზიაზეც სრულად ვრცელდება. ორი წლის წინ გამოვეცით მისი კრებული, სადაც 11 ენაზე თარგმნილი ლექსებია შესული. დღეს ეს წიგნი იშვიათობად იქცა. ნებისმიერი ავტორი ისურვებდა, რომ მისი შემოქმედება ამდენად მოთხოვნადი ყოფილიყო მკითხველისთვის“, – გვითხრა ლალი კონცელიძემ.
ბელა ქებურიასადმი მადლიერება და სიყვარული გამოხატა პოეტმა გენრი დოლიძემაც, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც პოეტი წლების განმავლობაში უწევს როგორც აჭარის, ისე სხვა რეგიონების ახალგაზრდა შემოქმედებს.
– ქალბატონი ბელა ქებურია არის ბრწყინვალე პოეტი, არაჩვეულებრივი ადამიანი, მან ძალიან ბევრ თაობას, ბევრ ახალგაზრდას გაუკვალა გზა. ის არის ჩვენი გზაზე დამყენებელი, უფროსი მეგობარი, პირველი რედაქტორი. ამიტომ დღევანდელ საღამოზე მრავალი თაობა ვიყავით წარმოდგენილი – მისი აღზრდილები, მეგობრები და გულშემატკივრები. მადლიერებით დავესწარით ამ ღონისძიებას და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი შემოქმედი ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობს, გვილამაზებს ყოველ დღეს.
ბელა ქებურიას შემოქმედება გამორჩეულია, თვითმყოფადია და არავის ჰგავს. როგორც თავად არის ჰაეროვანი, ფერადოვანი, ზუსტად ისეთი მსუბუქი, ლაღი, ლამაზი და ზოგჯერ, სევდიანი პოეზია აქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მის ლექსებს წაიკითხავს და გულგრილი დარჩება. ყველა იპოვის საკუთარ სევდას, სიხარულს, განცდას თუ მოგონებას მის პოეზიაში, – აღნიშნა გენრი დოლიძემ.

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა პოეტის შვილიშვილის, ალექსანდრე კახიძის შეფასება, რომელმაც ბელა ქებურიას სრულიად განსხვავებული, ოჯახური მხარე გაგვაცნო, ისაუბრა იმაზე, თუ როგორი არის პოეტი მაშინ, როდესაც მუზასთან მარტო რჩება.
– ბებო, ისევე როგორც გარეთ, სახლშიც ყოველთვის ბედნიერია. სიხარული შემოაქვს, მზის სხივივით არის. მისი პოეზია საოცარია. ერთ-ერთ წიგნში ბებოს ერთი ლექსის ჩემეული თარგმანიცაა შეტანილი.
როცა მუზა ეწვევა, თავის ოთახში მარტო ყოფნა უყვარს. ირგვლივ უამრავი ფურცელი აქვს დალაგებული, რაღაცას წერს, ასწორებს, ერთი ფურცლიდან მეორეზე გადადის. ყველაზე ხშირად ღამე მოსდის მუზა. შეიძლება გვიანობამდე იჯდეს ოთახში, ერთი ნათურა ჰქონდეს ანთებული და წეროს…
ბებოს ვუსურვებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს. ვიცი, რომ ამ ყველაფერს ისევ ჩვენსკენ გამოუშვებს, – გვითხრა ალექსანდრე კახიძემ.
საღამოს დასასრულს საკუთარი ემოციები თავად ბელა ქებურიამაც გაგვიზიარა. პოეტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მის შემოქმედებას გულშემატკივრობს და სიყვარულს არ იშურებს.
– ყველაზე მთავარი სათქმელი, რითაც მინდა საუბარი დავიწყო, არის მადლობა. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც ამდენი ძვირფასი ბათუმელის წინაშე დგახარ, დარბაზიდან კი ისეთი სითბო და სიყვარული მოდის, რომ ზოგჯერ ცრემლიც მერეოდა თვალზე. თუ ბელა ქებურიამ თავისი პატარა ცხოვრებით ამდენი სიყვარული დაიმსახურა, ეს ნიშნავს, რომ მიცხოვრია. ჩემი პოეზია და მთელი ცხოვრებაც იმას ემსახურება, რომ ადამიანებს ყოფა გავუადვილო, მიყვარდნენ ისინი და ვუყვარდე მათ. ჩემი ლოცვა ასე იწყება: ღმერთო, ნუ შემაძულებ ნურავის.
ჩემი მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი არის ის, რომ მიყვარხართ და მინდა, რომ გიყვარდეთ“, – გვითხრა ბელა ქებურიამ.

საღამო, რომელიც სიყვარულით დაიწყო და სიყვარულითვე დასრულდა, კიდევ ერთხელ იქცა იმის დასტურად, რომ ნამდვილი პოეზია მხოლოდ წიგნებში არ ცხოვრობს და ის ადამიანების ურთიერთობებში, თანადგომაში, მადლიერებასა და ერთმანეთის სიყვარულში აგრძელებს არსებობას.
ვუსურვებთ ბელა ქებურიას ჯანმრთელობას, შემოქმედებით ნაყოფიერებას, ახალ წიგნებს, ახალ მკითხველებს და კიდევ ბევრ ასეთ საღამოს, სადაც სიყვარული მთავარი გმირი იქნება.
ნანა აბულაძე