ბექა ძამაშვილი: ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია
By

ბექა ძამაშვილი: ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების 67-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა. როგორც მან განაცხადა, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ პრობლემებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფლებების დარღვევის განგრძობით ხასიათზე.

„შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის დევნილთა დაბრუნების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, განათლების უფლება, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება, არასათანადო მოპყრობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფლებების დარღვევის განგრძობით ხასიათზე“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ, ასევე, ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეეხებოდა ქართველი სამხედროების – გიორგი ანწუხელიძის, უშანგი ხუბულურისა და ზაზა სოფრომაძის წამებასა და მკვლელობას.

„ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი და მოლაპარაკებების სახით გვაქვს საშუალება, მოვუწოდოთ მას განგრძობადი დარღვევების შეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი 30 ივნისს-პირველ ივლისს გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი 10-11 ნოემბერს გაიმართება.

 

  • No Comments
  • ივლისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *