ბრიუსელის კრიტიკა და თბილისის პასუხი – რას ამბობენ საქართველოზე?
By

ბრიუსელის კრიტიკა და თბილისის პასუხი – რას ამბობენ საქართველოზე?

საქართველოზე საერთაშორისო პოლიტიკური შეფასებები ისევ აქტუალურია – ევროკავშირის ლიდერები ქვეყნის კურსს აკრიტიკებენ, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პასუხი მოჰყვა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა:
„ჩვენ ქართველ ხალხს ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი მიმართულებით მიდის. ოპოზიციის რეპრესია, მედიის შეზღუდვა, მიღებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ იქ რეალური პროგრესი უნდა ვიხილოთ“.
საქართველოს როლს რეგიონულ პროცესებში შეეხო გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, რომელმაც აღნიშნა:
„სომხეთთან როდესაც ვმუშაობთ, საქართველოსაც ყოველთვის მხედველობაში ვიღებთ. ღია ვიქნებით საქართველოს ჩასართავად, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას. დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია“.
ამასთან, მან საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება: „ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ავტოკრატიული სისტემის ნიშნები საქართველოს სულ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან“.
ევროპარლამენტში გამართულ განხილვაზე, ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერესმა ევროკავშირს საქართველოსთან უფრო აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

ევროპელი პარტნიორების გზავნილს გამოეხმაურა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი:
„ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს გზა, რომელსაც მისი მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს – ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზა. ჩვენ აქ ვიქნებით, რათა ქართველ ხალხს დავეხმაროთ ამ გზაზე“.
ბრიუსელიდან გაკეთებულ შეფასებებს თბილისში კრიტიკული პასუხი მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა:

„მარტა კოსის მიმართ კითხვა სწორად იყო დასმული, რომელსაც არ უპასუხა. რა უნდა უპასუხოს, უკანონოდ ვაპირებ საქართველოში ფულის შეტანასო? ამ ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. როცა გინდა, ვინმესთან საქმე გაარკვიო, მას უნდა დაელაპარაკო. მას ჰკითხეს, რომ ამერიკელებმა საქართველოსთან ლაპარაკი დაიწყეს და ამას ჩვენ რატომ არ ვაკეთებთო. მარტა კოსის არგუმენტირებული პასუხი რომ არ ჰქონდა, დემაგოგია დაიწყო. ქვეყანას ადამიანის უფლებებზე რომ ედავება, საქართველოს დელეგაცია რომ მოამზადებს და ბრიუსელში მიდის, რა უნდა გააკეთონ? უნდა დასხდნენ და თქვან, რომ ამ საკითხებში საქართველოს პასუხები არ აკმაყოფილებთ. შეხვედრა საერთოდ ჩაშალეს. ეს კონსტრუქციულობისკენ გადადგმული ნაბიჯია? კითხვა სწორად დასვეს, მაგრამ მარტა კოსმა არაადეკვატურად უპასუხა. არგუმენტები არ აქვთ. მარტა კოსი რომ იტყვის, ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა გააუქმეო, ვუპასუხებთ, რომ კანონმდებლობა ოპოზიციის ნაბიჯებს მოჰყვა მას შემდეგ, რაც ფონდებმა რევოლუციების დაფინანსება დაიწყეს. მტკიცებულებები მოვიპოვეთ, რომ აქ რევოლუციის მოსაწყობად ევროკავშირის ფული იხარჯებოდა. მაშინ თქვეს, რომ ეს ტყუილია, მაგრამ ეს ფონდები ამერიკელებმა გააუქმეს და თქვეს, რომ ეს ფონდები უცხოეთში გადატრიალებებს აწყობდნენო“, – განაცხადა თენგზის შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერესისმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს მიმართა: „რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეწვია საქართველოს, შემდეგ კი მდივანმა რუბიომ პირდაპირ დაურეკა პრემიერ-მინისტრს. თუ ისინი ამას აკეთებენ, ჩვენ რატომ ვერ ვაკეთებთ? გვჭირდება საქართველო, გვჭირდება სომხეთი, გვჭირდება აზერბაიჯანი. რა არის თქვენი გეგმა მათ შესანარჩუნებლად?“.

მკვეთრი ტონით გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქართველოს საკითხი კვლავ რჩება როგორც პოლიტიკური, ისე გეოპოლიტიკური დისკუსიის ცენტრში – განსხვავებული შეფასებებითა და პასუხებით.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *