ბსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვის ლიტერატურა და კულტურა 4 და მის ფარგლებს გარეთ – თარგმანისა და ლიტერატურის ურთიერთრეფლექსიები“ გაიხსნა.
ორდღიანი სამეცნიერო ფორუმი შავი ზღვის რეგიონს განიხილავს როგორც მრავალენოვან, მრავალკულტურულ და დინამიკურ სივრცეს, სადაც ლიტერატურა და თარგმანი ურთიერთქმედებს სხვადასხვა კულტურულ, ისტორიულ და იდეოლოგიურ კონტექსტთან.
კონფერენცია ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თეონა ბერიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ბერიძემ გახსნეს.

კონფერენციაში მონაწილეობს 43 მკვლევარი 14 ქვეყნიდან – საქართველოდან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, აშშ-დან, თურქეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, სომხეთიდან, ჩეხეთიდან, კანადიდან და მაროკოდან. საერთაშორისო პროგრამა აერთიანებს ლიტერატურის, თარგმანის, კულტურის კვლევების, კოგნიტური ლინგვისტიკისა და ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს და მოიცავს როგორც პირისპირ, ისე ონლაინ მოხსენებებს.
სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავს შავი ზღვისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ლიტერატურული და თარგმნითი პროცესების ინტერდისციპლინურ კვლევას და რეგიონს წარმოაჩენს როგორც კულტურული ურთიერთქმედების, მედიაციისა და ახალი ინტერპრეტაციების წარმოქმნის მნიშვნელოვან სივრცეს.

კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კორპუსლინგვისტური და კოგნიტური მეთოდების გამოყენებას, რაც შესაძლებელს ხდის თარგმნითი ნიმუშების სისტემურ კვლევას. ამასთან, მთარგმნელის ჰაბიტუსისა და კულტურულად განპირობებული კოგნიტური სქემების გათვალისწინება თარგმანის ისტორიულ და სოციალურ კონტექსტში გააზრების შესაძლებლობას აფართოებს.
კონფერენცია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით იმართება.
გალერეა

