ბუნების დასაცავად ჯერ მისი გაცნობა უნდა ვისწავლოთ
By

ბუნების დასაცავად ჯერ მისი გაცნობა უნდა ვისწავლოთ

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ზაურ ჩანტლაძის (ქობულეთში ფრინველებზე დაკვირვების პირველი სერტიფიცირებული გიდი) სახელობის ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიმართა, სადაც ფრინველების, ბუნებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის გარშემო გაერთიანებული ადამიანები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ფესტივალი ხუთი წელია იმართება და მისი დამფუძნებელი ზაურ ჩანტლაძეა. მასში ადგილობრივებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ფესტივალის მიზანია, ფრინველებზე დაკვირვება საზოგადოებისთვის საინტერესო და ხელმისაწვდომ გამოცდილებად აქციოს, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით განათლებას და, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გააღვივოს ინტერესი ბუნების მრავალფეროვნების მიმართ.
ღონისძიებამ ბუნების მოყვარულებს, ახალგაზრდებსა და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, ფრინველთა სამყაროს უფრო ახლოს გასცნობოდნენ, ახალი ცოდნა შეეძინათ და ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ.
ფესტივალი ორგანიზაციის „იყავი აქტიური, იყავი ჯანმრთელი“ ორგანიზებითა და ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტიორთა ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა, რომლის სპეციალისტებმა სოფიო თხილაიშვილმა, ნანა ნოღაიდელმა და გურამ ვერულიძემ დარგობრივი ცოდნა გაუზიარეს მონაწილეებს.
მონაწილეებმა ფრინველებზე დაკვირვების ინსტრუქტაჟი გაიარეს, გაეცნენ დაკვირვების ძირითად პრინციპებს და პრაქტიკულად ჩაერთნენ ფრინველთა სამყაროს შესწავლაში.
ასეთი გამოცდილება გვახსენებს, რომ ბუნების შეცნობა ყოველთვის არ მოითხოვს რთულ აღჭურვილობას ან სპეციალურ ცოდნას, ზოგჯერ საკმარისია ცნობისმოყვარეობა, ყურადღება და გარემოსადმი პატივისცემა.

ღონისძიების პროგრამა მხოლოდ საველე დაკვირვებით არ შემოიფარგლა. მონაწილეები ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტიორთა ცენტრსაც ეწვივნენ, დაათვალიერეს თემატური გამოფენა, მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და შემეცნებით აქტივობებში.
ფესტივალის მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად თავად მონაწილეთა შთაბეჭდილებებში ჩანს. ბუნებაში გატარებული რამდენიმე საათი შეიძლება იქცეს პირველ ნაბიჯად ახალი ინტერესის, ჰობის ან გარემოს დაცვისადმი უფრო გააზრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებისკენ.

ლაზარე ძიძიკაშვილი, ფესტივალის მონაწილე :
– ჩემთვის შთამბეჭდავი იყო მომენტი, როდესაც თეთრმა ყანჩამ თავზე გადამიფრინა. დაკვირვებისას გაგვიმართლა და ვიხილეთ ფერადოვანი, მშვენიერი წყლის სახეობა ალკუნიც – ლურჯი შეფერილობის, გრძელნისკარტა ფრინველი, რომელიც მდინარეების ნაპირებთან ბინადრობს. ინსტრუქტორებისგან ბევრი ვისწავლე, მათ შორის ისიც, რომ ხმაური და ხმამაღლა საუბარი ფრინველებზე დაკვირვებას ხელს უშლის. ვფიქრობ, მონაწილეებისთვის ასეთი გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან გარემოსდაცვითი განათლება დასამახსოვრებელი მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს ბუნებასთან უშუალო შეხების შესაძლებლობა ეძლევა.
ფესტივალის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მოხალისეებსაც შეაქვთ. მათი ჩართულობა არა მხოლოდ ღონისძიების ორგანიზებას უწყობს ხელს, არამედ თანამშრომლობის, ინიციატივის, პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობას წარმოაჩენს.
მოხალისეობა ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში, განივითარონ ორგანიზაციული უნარები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის იდეის გავრცელებაში.

გაბრიელ ძიძიკაშვილი, ფესტივალის მოხალისე:
– ბოლო ორი წელია, ფესტივალში აქტიურად ვარ ჩართული როგორც მოხალისე. მართალია, ფრინველთა სახეობების ერთმანეთისგან გარჩევა ჯერ კარგად არ შემიძლია, თუმცა განსაკუთრებით მომწონს შემეცნებით და სახალისო აქტივობებში მონაწილეობა. ხშირად ვსვამ კითხვებს ფრინველებზე, მათ მახასიათებლებზე, ქცევაზე, ბინადრობის გარემოსა და ცხოვრების წესზე. ფესტივალმა შესაძლებლობა მომცა, უკეთ გავცნობოდი ფრინველთა მრავალფეროვან სამყაროს და მეტი გამეგო მათი მნიშვნელობის შესახებ ბუნებასა და ეკოსისტემაში. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისიც, რომ მოხალისეობის პროცესში მიღებული ცოდნა ყოველწლიურად იზრდება და გარემოს დაცვის მნიშვნელობასაც უფრო მეტად ვიაზრებ.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი სივრცეა. იგი რამსარის კონვენციის ერთ-ერთი კრიტერიუმით საერთაშორისო მნიშვნელობისაა, სწორედ იმის გამო, რომ ის მნიშნველოვანია წყლის ფრინველთა სახეობის 1%-სთვის.
მისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემა, ბიომრავალფეროვნება და ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობები მნიშვნელოვან რესურსს ქმნის როგორც გარემოსდაცვითი განათლებისთვის, ისე ბუნებაზე ორიენტირებული ტურიზმის განვითარებისთვის.
მსგავსი ღონისძიებები ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი მემკვიდრეობის უკეთ გაცნობაში ეხმარება და აჩვენებს, რომ ბუნების დაცვა და რეგიონის მდგრადი განვითარება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რაც უფრო კარგად ვიცნობთ ჩვენს გარემოს, მით უფრო მეტად ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობას.
აღნიშნული ფესტივალიც ამ პროცესის ნაწილია, სივრცე, სადაც ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას უკავშირდება, ადამიანები ერთმანეთს შთაბეჭდილებებსა და ცოდნას უზიარებენ და ბუნებისადმი ინტერესი კონკრეტულ ქმედებად იქცევა.
ფესტივალის მთავარი გზავნილი მარტივია: ბუნების დასაცავად ჯერ მისი გაცნობა უნდა ვისწავლოთ. ზოგჯერ ამისთვის საკმარისია დილის სიჩუმეში შეჩერება, ფრინველებზე დაკვირვება და იმის გააზრება, რომ ბუნებრივი სამყაროს შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *