გაეროს 141 ქვეყანა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ერთიანდება
გაეროს 141 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, შეთანხმდა, რომ წიაღისეული საწვავის გამოყენებას შეამცირებენ.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნებს იურიდიულად ავალდებულებს, შეამცირონ წიაღისეული საწვავის გამოყენება და ებრძოლონ კლიმატის კრიზისს. დოკუმენტი ადასტურებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2025 წლის ივლისის დასკვნას.
რეზოლუციას, რომელიც კუნძულოვანმა სახელმწიფომ ვანუატუმ წარადგინა, მხარი დაუჭირა 141-მა სახელმწიფომ. წინააღმდეგ რვა ქვეყანამ მისცა ხმა. ესენია: აშშ, რუსეთი, ბელარუსი, საუდის არაბეთი, ისრაელი, ირანი, ლიბერია და იემენი.
გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ რეზოლუცია შეიცავს „მიუღებელ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც წიაღისეულ საწვავს უკავშირდება“.
როგორც „ასოშიეთედ პრესი“ წერს, თებერვალში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა, სხვა ქვეყნები დაერწმუნებინა, რომ ზეწოლა მოეხდინათ ვანუატუზე, რათა მას რეზოლუცია გაეწვია.
კენჭისყრისას რამდენიმე ქვეყანამ თავი შეიკავა. მათ შორის იყვნენ ქვეყნები, რომლებიც კლიმატის სამიტ COP31-ში მონაწილეობენ, მათ შორის თურქეთი, ინდოეთი, ასევე, ნავთობის მწარმოებელი კატარი და ნიგერია.
როგორც „გარდიანი“ წერს, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს დასკვნა იურიდიულად სავალდებულო არ არის, თუმცა ის უკვე გამოიყენება კლიმატთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში მთელ მსოფლიოში და მოსამართლეები გადაწყვეტილებების მიღებისას მასზე სულ უფრო ხშირად მიუთითებენ.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას მიესალმა.