განათლება – შინაგანი თავისუფლების ფორმა
By

განათლება – შინაგანი თავისუფლების ფორმა

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, ანასტასია მოლაშხიამ, ერთდროულად ორი პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის – FLEX-ისა და United World Colleges-ის (UWC) სრული დაფინანსება მოიპოვა. კონკურენტული შერჩევის პროცესისა და მრავალეტაპიანი გამოცდების წარმატებით გადალახვის შემდეგ, ანასტასიამ არჩევანი UWC-ის ორწლიან პროგრამაზე შეაჩერა. ანასტასიას წარმატება დასტურია იმისა, რომ მიზანდასახულობას, შრომას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას დიდ საერთაშორისო შესაძლებლობებამდე მიჰყავხარ. ამ მნიშვნელოვან წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე ანასტასია ინტერვიუში გვესაუბრება.

– გვიამბეთ პროგრამებზე, რომლებშიც გაიმარჯვეთ. . .

– UWC (United World Colleges) და FLEX-ის გაცვლითი პროგრამა საქართველოში აქტიური ყველაზე კონკურენტული საერთაშორისო პროგრამებია. ორივე პროგრამა მონაწილეებს ლიდერული, აკადემიური და კულტურათაშორისი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. FLEX (Future Leaders Exchange Program) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი აკადემიური წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლონ და ამერიკულ ოჯახში იცხოვრონ. United World Colleges (UWC) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელად მიიჩნევა, რომელიც მოსწავლეებს ორწლიან საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამას (IB Diploma Programme) სთავაზობს. პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ აკადემიურ განვითარებაზე, არამედ მშვიდობის, თანამშრომლობისა და გლობალური მოქალაქეობის იდეების გაძლიერებაზე.

– რატომ აირჩიეთ UWC-ის პროგრამაზე სწავლა?

– ორივე პროგრამაში გამარჯვების შემდეგ, რთული არჩევნის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან ერთიც და მეორეც არაჩვეულებრივი საშუალება იყო, უკეთ გამეცნო საკუთარი თავი სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებისთვის. ბევრი ფიქრის შემდეგ, არჩევანი UWC-ის ორწლიან პროგრამაზე შევაჩერე, რაც ჩემთვის გრძელვადიანი აკადემიური და პიროვნული განვითარების უფრო ფართო შესაძლებლობებთან ასოცირდება. UWC ჩემთვის არის სივრცე, სადაც განათლება მხოლოდ აკადემიურ ცოდნას არ ნიშნავს. ეს არის გარემო, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურის, გამოცდილებისა და ხედვის ადამიანებს საერთო ღირებულებების გარშემო, როგორებიცაა მშვიდობა, თანასწორობა და ურთიერთგაგება. სწორედ ამ მრავალფეროვან გარემოში სწავლა და განვითარება გახდა ჩემი მთავარი მოტივაცია.

– რა უნარები და თვისებები დაგეხმარათ გამარჯვების მოპოვებაში?

– ვფიქრობ, მოსწავლის ყველაზე ძლიერი მხარე მხოლოდ აკადემიური მიღწევები არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეს თვითგანვითარების სურვილი, ასევე, მიზანდასახული და თავდაჯერებული იყოს. თითოეულ ადამიანს აქვს უნარი, რომელიც ბუნებით მოსდგამს. ჩემს შემთხვევაში ასეთი უნარი, როგორც დროთა განმავლობაში მივხვდი, გუნდური მუშაობა და ლიდერობა აღმოჩნდა, რამაც ჩემს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. აპლიკაციის პროცესიც ძალიან მიყვარს, რადგან ეს ყოველთვის საინტერესო გამოცდილებაა და მაძლევს საშუალებას, უკეთ გავიცნო საკუთარი თავი, შევხვდე ჩემნაირად მოტივირებულ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ გამოვცადო ჩემი შესაძლებლობები.

– რა როლი ითამაშეს სკოლამ და მასწავლებლებმა თქვენს წარმატებაში?

– სკოლამ და მასწავლებლებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს განვითარებაზე, რადგან არა მხოლოდ ცოდნა მომცეს, არამედ დამეხმარნენ საკუთარი შესაძლებლობების დანახვაში, თავდაჯერებულობის გაძლიერებაში და მასწავლეს, რომ ყოველთვის მეტი მომეთხოვა საკუთარი თავისგან.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის ახალგაზრდებთან ურთიერთობა?

– დღევანდელ დროში, სადაც სამყარო კონფლიქტებითა და კულტურული დისკრიმინაციითაა სავსე, აუცილებელია, ახალმა თაობამ გაიაზროს, რომ განსხვავებული კულტურა არ არის სისუსტე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის ახალგაზრდებთან ურთიერთობებში ადამიანი სწავლობს განსხვავებული შეხედულებების პატივისცემას, აფართოებს ხედვას და უფრო კარგად აცნობიერებს, რომ მსოფლიო მრავალფეროვანია.

– როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება იმისთვის, რომ ადამიანი შინაგანად თავისუფალი იყოს?

– ვფიქრობ, განათლება ადამიანს აძლევს დამოუკიდებელი აზროვნების, კრიტიკული შეფასებისა და საკუთარი არჩევანის თავისუფლებას. განათლებულ ადამიანს შეუძლია უკეთ გაიგოს სამყარო, დაიცვას საკუთარი პოზიცია და თავად განსაზღვროს თავისი მომავალი, რაც ჩემი მოტივაციის დიდი ნაწილი იყო.

რას ეტყოდით მოსწავლეებს, რომლებსაც საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა სურთ, მაგრამ თავიანთ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ?

– ვეტყოდი, რომ საკუთარ თავში ეჭვი სრულიად ბუნებრივია და ვაღიარებ, რომ ჩემს შემთხვევაშიც ხშირი იყო, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს შეჩერების მიზეზი. ხშირად ყველაზე დიდი შესაძლებლობები სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი საკუთარი კომფორტის ზონიდან გადის. მთავარია, სცადონ, რადგან, როგორც დედაჩემს უყვარს თქმა, – თუ არ სცადე, არასოდეს გეცოდინება.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება რამდენიმე წლის შემდეგ და გეგმავთ თუ არა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გაზიარებას?

– მინდა, მომავალში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ისეთი პროექტების შესაქმნელად, რომლებიც ახალგაზრდებს განვითარებაში დაეხმარება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოცდილება, საბოლოოდ, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენო და პოზიტიური ცვლილებების ნაწილი ვიყო. ასევე, მინდა ქართველ ბავშვებს გავუზიარო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან ხშირად სწორედ ერთი მცდელობა ცვლის ადამიანის მომავალს, ისევე, როგორც ერთ საღამოს დაწერილმა ესემ ორწლიანი თავგადასავალი მაჩუქა. განსაკუთრებით მინდა მხარი დავუჭირო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა, მაგრამ აქვთ პოტენციალი და საჭიროებენ მოტივაციას, მხარდაჭერასა და საკუთარი თავის რწმენას.

ნინი ჩხარტიშვილი

  • No Comments
  • მაისი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *