გზავნილი ბრიუსელიდან და მმართველი გუნდის პასუხი
By

 გზავნილი ბრიუსელიდან და მმართველი გუნდის პასუხი

მიმდინარე კვირაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის კაია კალასის საქართველოზე განცხადებამ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელება იყო, პოლიტიკურ სპექტრში განხვავებული შეფასებები გამოიწვია. როგორც კალასმა განაცხადა, ევროკავშირს არ აქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რადგან არსებობს სხვადასხვა სირთულე.
,,რაც შეეხება შავი ზღვის სტრატეგიას, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს გასული წლიდან, ახლა მისი იმპლემენტაცია მიმდინარეობს. შავი ზღვის გარშემო არსებული სხვადასხვა ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა გვაქვს სირთულეები, პრობლემები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ რეალურად არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან და არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა, საქართველოს ხალხის მხარდაჭერა და ასევე, გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი“, – განაცხადა კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბარში.
კალასს განცხადებაში არაფერი უთქვამს საქართველოზე, როგორც
შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე, სამაგიეროდ, არ დავიწყებია კრიტიკული შეფასებები.
თუმცა ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული პოზიციებია. მაგალითად, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს მთავრობასთან დალაპარაკების შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს და როგორ მოიქცეს.
„ყოველთვის ვამბობ, მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ჩვენ მათ არ დაველაპარაკებით, ცვლილებებს ვერ შევძლებთ. არ არის საჭირო მათ რაიმე ვასწავლოთ, რადგან იციან წესები და იციან, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები. ჩვენ არ გვჭირდება, მათ თავს მოვახვიოთ ჩვენი აზრი. უნდა შევთავაზოთ და ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ მოიგეს არჩევნები. მოგვწონს ეს თუ არა, ფაქტია. თუ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გადაწყვეტილებების პოვნას. მათთან საუბრისას ჩემი შთაბეჭდილება ხანდახან კარგია, ხანდახან -ცუდი“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიუხედავად კაია კალასის აღნიშნული განცხადებისა, ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და ქვეყნის ევროპული კურსი უცვლელია. მათი განცხადებით, მიუხედავად არსებული უთანხმოებებისა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან პარტნიორობას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა წყენას მაინც არ მალავენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კალასის განცხადება სამარცხვინოა.
„2024 წელს და 2025 წელს არჩევნებში ხელისუფლებამ მილიონ 100 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. ეს ქართველი ხალხისგან ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ნიშნავს. როდესაც ასეთ დროს ცდილობენ, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან ხელოვნურად განაცალკევონ, ეს ის მიდგომაა, რასაც მანამდე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ვიცნობდით, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმართ არ ცნობს, ახლა ვხედავთ, რომ ქალბატონო კაია კალასი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც ევროპული ბიუროკრატიისთვის ღიმილის მომგვრელი და ძალიან ტრაგიკული მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით კი მსგავს თავდასხმაზე აუცილებლად იქნება შესაბამისი პასუხიც.
,,ჩვენ ყოველთვის ვიკავებთ თავს კრიტიკული კომენტარებისგან, იქნება თავდასხმა ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ქართველ ხალხზე? – იქნება ადეკვატური პასუხი ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე!“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული განცხადება ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული ურთიერთობების გაუარესებაზე მიუთითებს, პარარელურად კი კალასის განცხადებას მიესალმებიან.
,,მისასალმებელია ის საკითხი, რომ კიდევ ერთხელ ხდება იმის ხაზგასმა, რომ ქართველი ხალხი მუდმივად მიიღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს კონტექსტი ევროპული და, ზოგადად, დასავლური სახელმწიფოების დღის წესრიგში ისევ დგას და მუდმივად იდგება, თუმცა ამის მთავარი ხელისშემშლელი არის ,,ქართული ოცნება“ და ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება,“ – განაცხადა ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, ბოლო წლებია, რაც ევროკავშირი საქართველოს სხვადასხვა პირობას უყენებს. მათ შორისაა: დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება, კანონის უზენაესობის დაცვა, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის უზრუნველყოფა, ფუნდამენტური უფლებების დაცვა, პოლარიზაციის შემცირება, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ა.შ.
ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად განახორციელებს საქართველო ევროკავშირის მიერ დეკლარირებულ რეკომენდაციებს, თუმცა ქართული მხარე საკუთარ პრინციპებს არ ღალა ტობს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, საქართველო ევროპული ინტეგრაციის კურსს არ შეიცვლის. ,,ქართული ოცნებისთვის“ ბრიუსელის კრიტიკა, ხშირად, პოლიტიკურად მიკერძოებულია და არ ასახავს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სრულ სურათს.

თამარ ლამპარაძე

 

 

  • No Comments
  • ივლისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *