გზავნილი ციხიდან – ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას აანონსებს
მიმდინარე კვირაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებული განცხადებები და წერილი, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს.
ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ორჯერ იკავებდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ასევე, პარტიის თავმჯდომარის პოსტს, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან. 2025 წლის აპრილში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტოვებდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და პოლიტიკიდან მიდიოდა. აღნიშნული განცხადება მმართველ გუნდთან დაპირისპირების ნიშნებს არ შეიცავდა, პირიქით, განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული ბიძინა ივანიშვილის როლზე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ პარტიის დამფუძნებლისა და გუნდის წინაშე დაკისრებული მისია შეასრულა. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ექსპრემიერის მიმართ სამართლებრივი პროცესები დაიწყო. 2026 წლის იანვარში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს. მას 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა…
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ღარიბაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა წერილის ფოტო, სადაც აღნიშნულია: „დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) – ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5- წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“. აღნიშნულ წერილს ერთვის ირაკლი ღარიბაშვილის პოსტი: „ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას, უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ – დაპირებისამებრ, ღარიბაშვილმა, მეორე დღეს 18 აგვისტოს, კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა. ამასთან, მან წინა დღით გამოქვეყნებული წერილის გამგზავნად მამუკა მდინარაძე დაასახელა.
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.
სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.
მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემ მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.
ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა…“, – წერს ყოფილი პრემიერი.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში „სრული აბსურდი“ უწოდეს, თავად მამუკა მდინარაძის პოზიცია კი ასეთია: ,,პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ, როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ. როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე და უსაფუძვლო განცხადებებს, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე, შევეცდები, დღეს არ ვისაუბრო. სერიოზულადაც არ შეიძლება ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“, – განაცხადა ვიცე- პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილიც ისეთივე კორუმპირებულია, როგორიც მთავრობის სხვა წევრები.
,,ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო კორუმპირებული, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრები, ამას ჩვენ ვიძახდით და სხვები უარყოფდნენ. ძალიან უცნაურია ამ კითხვის ჩვენთვის შემობრუნება, ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში მასალებს საჯარო ორგანოებსაც კი ვაწვდიდით.
რაც შეეხება შიდა კლანურ ბრძოლას, ღარიბაშვილს, უბრალოდ, ეშინია არა კორუფციის მუხლით დაჭერის, არამედ იმის, რომ რიჟვაძის ბედს გაიზიარებს. ეს არის მისი შიშის საბაბი და არა მისი კორუმპირებულობის ან სხვა სამართლებრივი საქმეებისა. უბრალოდ, პირადი უსაფრთხოების შიში აქვს, რაც არის სრულიად გასაგები, თუ იმ საქმეებს გავიხსენებთ, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როგორიც რიჟვაძის საქმეა“, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თამარ ლამპარაძე