გზების მოვლა-პატრონობის სახელმწიფო კომპანია შეიქმნება
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომელთა თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-პატრონობისთვის სპეციალურ კომპანიას შექმნის.
,,გზების მოვლა-შენახვისთვის, მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას “ – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ახალი სტრუქტურის შექმნა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის ეფექტურობას სპეცტექნიკის მობილიზების კუთხითაც გაზრდის.
,,ორმაგი ეფექტი ექნება ამ ინიციატივას, ერთი, რომ ხარისხთან დაკავშირებით მუდმივად იყო პრობლემები, როცა კერძო კომპანიები იყვნენ ჩართულები ამ მომსახურების გაწევაში. ჩვენ გვინდა, შევქმნათ სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხის გარანტიაც იქნება და მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება, რა თქმა უნდა, ეს პროცესი. ეს არ ეხება გზის დაგებას, ბუნებრივია. მოვლა-შენახვისთვის, მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას; მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ იცით, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე სტიქიურ პრობლემებთან გამკლავება, რასაც სჭირდება, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის სპეცტექტიკა. ამ კომპანიის შექმნა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ საკმარისად გვქონდეს მობილიზებული აღნიშნული კომპანიის ქვეშ სპეცტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტიქიასთან გასამკლავებლად იქნება გამოყენებული. ანუ, ორმაგი ეფექტი ექნება ამ ინიციატივას. ერთობლივად შეგვიძლია დავაკვირდეთ, რამდენად ხარისხიანი იქნება ამ კომპანიის საქმიანობა. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციაც იყო, ფასებიც შედარებით მაღალი იყო, სამწუხაროდ, ხარისხი არ იყო უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა პრემიერმა.