გია ვოლსკი გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, რასაკვირველია, შეიძლება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს.
მისი განცხადებით, ქართველების მიმართ სიძულვილის გაღვივება და ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობების გაღვიძება, მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანებს ემსახურება განცხადება, რომელიც გია ბარამიძემ გააკეთა.
„ასე უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, რასაკვირველია, შეიძლება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს. ეს მოწინააღმდეგე მხარე ჩვენი საკმაოდ მძიმე ბრალდებით არის დადანაშაულებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ოკუპაცია ხორციელდება. ბარამიძე ამბობს, რომ ის მხარე, რომელიც ებრძოდა საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მართალია. ჯერ ერთი, ტყუილია, რომ ეს ხდებოდა და მეორეც, პირდაპირ სახელმწიფოზე მიტანილი შეტევაა.
უკვე გასცა პასუხი რუსეთის მხარემ, რომ ადამიანს დევნიან იმის გამო, რომ მან სიმართლე თქვაო. ქართველების მიმართ სიძულვილის გაღვივება და ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობების გაღვიძება, რასაკვირველია, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანებს ემსახურება ის განცხადება, რომელიც გააკეთა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.