გიგა სვანიძის მორიგი წარმატება
შუახევის რაიონის სოფელ ტბეთის მკვიდრები არიან ძმები გიგა და ლუკა სვანიძეები. ისინი სპორტით, კერძოდ ბერძნულ-რომაული ჭიდაობით არიან დაინტერესებულები. მშობლებმა თამილა ბერიძემ და თემურ სვანიძემ შვილები სასწავლებლად და დასაოსტატებლად ბათუმში გადაიყვანეს და მათი მომავალი მწვრთნელ ზურა კეკელიძეს ანდეს. მწვრთნელისა და აღსაზრდელების მისამართით უნდა ითქვას, რომ იმედებს ამართლებენ და პირველი წარმატებებიც სახეზეა. მცირე წონით კატეგორიებში მოასპარეზე ძმები უკვე რამდენიმე რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები არიან. ამ დღეებში გიგამ მორიგ წარმატებას მიაღწია.
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ მალთიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც 10 ქვეყნის მოჭიდავეები გამოდიოდნენ, 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში იგი ოქროს მედალსა და თასს დაეუფლა.
– გიგასა და ლუკას მწვრთნელი და სპეციალისტები წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მათი გამარჯვებების იმედი მშობლებსაც გვაქვს, – გვითხრა დედამ თამილა ბერიძემ.
თამაზ მგზავრიძე.