გივი მიქანაძე: განათლებას საქართველოსა და ჩინეთის მზარდ პარტნიორობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია
By

გივი მიქანაძე: განათლებას საქართველოსა და ჩინეთის მზარდ პარტნიორობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია

საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და ჩინური ენის შესწავლის ხელშეწყობა – ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პეკინში გამართულ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაზე.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჩინური ენისა და კულტურის მიმართ საქართველოში მზარდ ინტერესზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ენის შესწავლისა და პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა.

„ენა აკავშირებს ადამიანებსა და კულტურებს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც განათლების, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით. საქართველოსთვის, რომელსაც უძველესი ენა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს, ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის მიმართ მზარდი ინტერესია და მზად ვართ, შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ამ ინტერესის წახალისებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობა წლების განმავლობაში განვითარდა, მნიშვნელოვანი ეტაპი კი 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება იყო. წელს, დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, მხარეებმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

მინისტრმა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების მიღებაში დაეხმარება.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს ენის შესწავლის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და წარმატებისთვის აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. სწორედ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინური ენის ცოდნის შეფასების გამოცდა, რომელიც ენის შემსწავლელებს საკუთარი კომპეტენციის დადასტურებისა და ჩინეთის უმაღლესი განათლების შესაძლებლობებზე წვდომის საშუალებას აძლევს. HSK-ის გამოცდები საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია და მზად ვართ, აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ჩინური ენის ცოდნის გამოცდის გლობალური პარტნიორების კონფერენცია მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას 130-ზე მეტი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *