გივი მიქანაძე – მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში მეექვსე კლასის ზემოთ ყოველ წელს დაემატება თითო კლასი, რომელიც სასკოლო ფორმას ატარებს.
„ჩვენ ფორმას კი არ ვაბრუნებთ სკოლაში, ფორმის კულტურას ვამკვიდრებთ, რადგან 30 წელიწადზე მეტია, რაც სკოლებში ფორმა არ არის. საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი. ბავშვებისთვის ეს არის სიახლე, ამიტომ მეექვსეკლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს და შეეჩვევა ამ კულტურას, შემდეგ წელიწადს მეშვიდე კლასში მისთვის ფორმის ჩაცმა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ყოველ წელს თითო კლასით მეტი დაემატება. ასე რომ, მინდა, დაგარწმუნოთ, მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს თითო კლასი დაემატება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მიქანაძე ამბობს, რომ ფორმის ფასი მოგებაზე არ არის ორიენტირებული.
„ჯერ მომხმარებელს ეს ფორმები ფიზიკურად არ უნახავს. ამიტომ წინასწარი განცხადებების გაკეთება არის მიზანი კონკრეტული ადამიანების და ჯგუფების, საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენები შექმნას. რაც შეეხება ფორმის ფასს, ამ ფასში არის როგორც დამზადება-შეკერვის, ასევე, ტრანსპორტირების და ლოგისტიკასთან დაკავშირებული ფასი ასახული, მოგებაზე არ არის ორიენტირებული. მინიმალურ ფასში არის მოცემული ძალიან მაღალი ხარისხის ტანსაცმელი. საწარმო, რომელმაც ბაზრის კვლევაში გაიმარჯვა, არის როგორც ჩინეთის, ასევე მსოფლიო მასშტაბით აღიარებული, როგორც სასკოლო ფორმების მწარმოებელი წამყვანი კომპანია. ისინი, როგორც ევროპისთვის, ასევე აზიის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის კერავენ. მსოფლიოში აღიარებული შვეიცარიული კომპანია დასკვნაში პირდაპირ მიუთითებს, რომ ხარისხი არის იმ სტანდარტების შესაბამისი, რაც სკოლის მოსწავლეს შეიძლება ეცვას. შვეიცარიულ კომპანიას, რომელსაც 150-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 2500-ზე მეტი წარმომადგენლობა, აქვს ძალიან მაღალი რეპუტაციული სანდოობა მსოფლიოს მასშტაბით. ვერავის შეუძლია, ეს რეპუტაციული საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. მაგალითად, ბრიტანეთში რვა მილიონი მოსწავლე ყოველწლიურად ძალიან დიდი პროცენტულობით პოლიესტერით დამზადებულ სასკოლო ფორმას იყენებს. ავსტრალიაში თითქმის 100%-მდე არის პოლიესტერი ფორმისთვის გამოყენებული, ასევე, იაპონიაში 65%-ზე მეტს იყენებენ პოლიესტერს. ამიტომ სპეკულირება, თითქოს პოლიესტერი დამაზიანებელია, მოგონილია. პოლიესტერისგან არ არის მიზანშეწონილი პერანგის ან საცვალის შეკერვა, რაც შეეხება პიჯაკს და სხვა ერთეულებს, აქ პრობლემა არ არის, ეს მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამასთან, პოლიესტერი არის ის მასალა, რომელიც თავისი მდგრადობით, მოქნილობით გამოირჩევა და შესაბამისად, ეს სტანდარტები მაქსიმალურად არის შესაბამისობაში იმასთან, რაც მსოფლიო პრაქტიკაშია გამოყენებული.
არ არის სავალდებულო, ჩვენგან შეიძინონ ფორმები. მათ შეუძლიათ, გამოიწერონ იგი, მაგრამ ეს ფორმა უნდა იყოს იდენტური იმ კრიტერიუმებისა და დიზაინის, იმ ნაჭრის მოყვანილობისა, რომელიც დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასევე, მათ შეუძლიათ, შეაკერინონ ეს ფორმები. ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, კერძო სამკერვალო კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს ფორმის შეკერვას, თუმცა ამ ფორმის ღირებულება, როგორც ირკვევა, ორჯერ, ორნახევარჯერ ან სამჯერ უფრო ძვირი ჯდება ადგილობრივ დონეზე, ვიდრე ის, რაც ჩვენ გვაქვს შეკვეთილი ამ ხელშეკრულების საფუძველზე. ამიტომ ეს არის წინასწარი, მიზანმიმართული სპეკულაციები, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გარკვეული პრობლემების შექმნის მცდელობაა, რაც ფიზიკურად არ გამოვა. ადამიანები არიან თავისუფალი თავის არჩევანში, გამოიწერენ, შეაკერინებენ, თუ ჩვენ მიერ ჩამოტანილ პროდუქციას შეიძენენ. აქ უკვე არჩევანი არის მოსწავლეთა მშობლებზე და შესაბამისად, მათ უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.