გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესდა და 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. „ჩემო ძვირფასო ბავშვებო, ყოველი დღე თქვენ გეძღვნებათ, ჩვენი, ზრდასრული ადამიანების მთავარი საზრუნავი თქვენთვის ბედნიერი ბავშვობის უზრუნველყოფა, თქვენი სურვილებისა და ოცნებების ახდენაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ გააზრებისა და ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ყოველწლიურად ვუერთდებით მსოფლიო ინიციატივას და პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი ძალა და მთავარი იმედი. ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანაში შეგიქმნათ გარემო, სადაც მიიღებთ ღირებულ ცოდნას და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ.
დაისახეთ თამამი მიზნები, არასოდეს შეწყვიტოთ ცოდნის მიღება და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა.
მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ, უდარდელ, სიყვარულით სავსე ბავშვობას და უამრავ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე“, – აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.