გოგი ფუტკარაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავება
By

გოგი ფუტკარაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე. ჩვენი გაზეთის სტუმარია.

– ბატონო გოგი, რამდენიმე წელი მუშაობდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურაში, საიდანაც ბიზნესში გადაინაცვლეთ. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გამოგიცხადათ დიდი ნდობა და პროპორციული სიით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრად, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ აგირჩიეს. რას გვეტყვით საკანონმდებლო მიმართულებით თქვენს საქმიანობაზე?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, პარტიის ხელმძღვანელობას და, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს, ასეთი მაღალი ნდობისთვის. ჩემთვის ეს დიდი პატივია და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა – თითოეული მოქალაქის, ჩვენი რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე. ვფიქრობ, აღმასრულებელ სტრუქტურებსა და კერძო სექტორში მიღებული გამოცდილება ძალიან მეხმარება საკანონმდებლო საქმიანობაშიც. ეს გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას, საკითხებს სხვადასხვა მხრიდან შევხედო და უკეთ დავინახო როგორც მოქალაქეების, ისე ბიზნესის საჭიროებები. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება და მხარდაჭერა, რომლებიც რეალურად აისახება ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რეგიონის განვითარებაზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. ფრაქციის თავმჯდომარის რანგში კი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და ის, რომ უმაღლეს საბჭოში განხილული თითოეული ინიციატივა მაქსიმალურად ეფექტიანი და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული იყოს.

– როგორ შეაფასებთ ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისადმი?

– როგორც ადამიანმა, რომელმაც განათლება ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო, კარგად ვიცი დასავლური და ევროპული დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა – თავისუფლება, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, სუვერენიტეტის პატივისცემა და თანასწორ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაცია არ ნიშნავს საკუთარი ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და სუვერენიტეტის დათმობას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროკავშირის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ შეფასებები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებით და რიგ შემთხვევებში, მიკერძოებულად და ორმაგი სტანდარტების გამოვლინებად მივიჩნევთ. ვფიქრობ, პარტნიორებს შორის კრიტიკა შესაძლებელია და საჭიროც არის, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ ფაქტებს, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორ დამოკიდებულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, სუვერენიტეტი და ქართველი ხალხის არჩევანი სათანადო პატივისცემით იყოს აღქმული. მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური გარემოსა და გარეგამოწვევებისა, საქართველო და განსაკუთრებით, აჭარა, ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სტაბილურობას. ვფიქრობ, ეს იმ ეკონომიკური და პრაგმატული პოლიტიკის შედეგიცაა, რომელსაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნოს. სწორედ ამიტომ, აჭარაში ერთდროულად არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება – ვითარდება საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს მთიანი აჭარის გაზიფიცირება, შენდება და რეაბილიტირდება სკოლების, საბავშვო ბაღების შენობები, ჯანდაცვისა და სპორტული ინფრასტრუქტურა. პოზიტიური დინამიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებითაც. აჭარა წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ტურისტებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რაც ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, მეტ ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამასთანავე, ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, განათლებას, კულტურას, მთიან აჭარას და იმ ოჯახების მხარდაჭერას, ვისაც სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. საბოლოო მიზანი არის ის, რომ ეკონომიკური განვითარება აისახოს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი.

– როგორია ამ პროცესებში იმ ფრაქციის წევრების ჩართულობა, რომელსაც ხელმძღვანელობთ?

– ფრაქციის თითოეული წევრი აქტიურად არის ჩართული როგორც საკანონმდებლო საქმიანობაში, ისე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში. ჩვენთვის მთავარია გუნდური პრინციპით მუშაობა – საკითხების ერთობლივად განხილვა, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დელეგატების როლი, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ და ყოველდღიური, უშუალო კავშირი აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მათ ყველაზე უკეთ იციან ადგილზე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და ეს ინფორმაცია მუდმივად მიეწოდება როგორც ფრაქციას, ისე შესაბამის უწყებებს, რათა თითოეული საკითხი სწრაფად და ეფექტიანად გადაიჭრას.

 – თქვენი და ფრაქციის წევრების მიერ ინიცირებული პროექტები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს სხდომებზე მსჯელობის საგანი გახდა?

– კონკრეტულად ერთი ან ორი პროექტის გამოყოფა გამიჭირდება, რადგან ჩვენი მუშაობის სპეციფიკა გაცილებით ფართოა, განსაკუთრებით საბიუჯეტო განხილვების დროს. ჩვენ დეტალურად გავდივართ ხუთივე სამინისტროს პროგრამებსა და პრიორიტეტებს. შესაბამისად, პრაქტიკულად ყველა საკვანძო მიმართულებაზე, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, ჯანდაცვა, სოციალური მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობა თუ ტურიზმი – ფრაქციის მხრიდან ყოველთვის ისმება კონკრეტული კითხვები, ინიციატივები და რეკომენდაციები. ჩვენი მთავარი მიზანია, საბიუჯეტო რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად მივმართოთ ჩვენი რეგიონისა და მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე.

– მამასთან ერთად, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობითაა ცნობილი, მშობლიური სოფლის თანამდგომი ხართ. რის გაკეთებას გეგმავთ სამომავლოდ?

– მშობლიურ კუთხესთან და სოფელთან კავშირი ჩემთვის მხოლოდ მოვალეობა არ არის, ეს შინაგანი მოთხოვნილებაა. ის, რაც მამაჩემმა დაიწყო და რასაც წლებია ერთად ვაკეთებთ, ჩვენი სოფლისა და მისი ადამიანების სიყვარულიდან მოდის. მომავალშიც, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებლად გავაგრძელებთ სოფლისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას.

– ოჯახი, ტრადიცია, მომავალი – რა ადგილს იჭერს თქვენს საქმიანობაში?

– ეს სამი სიტყვა ჩემი და ჩვენი გუნდის უმთავრესი ღირებულებებია. ოჯახი არის სახელმწიფოს სიმტკიცის საფუძველი; ტრადიცია – ფესვები და იდენტობა, რამაც საუკუნეები გამოგვატარა და დღემდე მოგვიყვანა; მომავალი კი არის ის, რაც ჩვენს შვილებს უნდა დავუტოვოთ – მშვიდობიანი, ძლიერი და განვითარებული საქართველო. ჩემს საკანონმდებლო და პოლიტიკურ საქმიანობაში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სწორედ ამ ღირებულებების გათვალისწინებით ვიღებ. თუ არ დავიცავთ ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებს, მომავლის შენებაზე საუბარს აზრი დაეკარგება.

– როგორია მშობლების როლი თქვენს კარიერულ წინსვლასა და ზოგადად, ცხოვრებაში?

– მშობლების როლი შეუფასებელია. მამაჩემი ჩემთვის არის შრომისმოყვარეობის და სამშობლოს უანგარო სიყვარულის საუკეთესო მაგალითი. მშობლების სითბო და მხარდაჭერა არის ის საძირკველი, რომელზეც ჩემი პიროვნება და ღირებულებები ჩამოყალიბდა. ნებისმიერ წარმატებას, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, პირველ რიგში, ჩემს ოჯახსა და მშობლებს ვუმადლი.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

– ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის მთავარი ძალა და მომავალია. ჩემი რჩევა იქნება: იყვნენ შრომისმოყვარეები, მიზანდასახულები და არასდროს შეუშინდნენ დაბრკოლებებს.

– როგორია წარმატების მიღწევის თქვენეული ფორმულა, რომელიც შესაძლოა, სხვებისთვისაც სამაგალითო გახდეს?

– უნივერსალური ფორმულა არ არსებობს – თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და საკუთარი ცხოვრების გზა თავად უნდა იპოვოს, თუმცა, საქმისადმი ერთგულება, პატიოსნება და რწმენა არის მთავარი. როდესაც აკეთებ იმას, რისიც გწამს, ხარ მართალი საკუთარ თავთან და ხალხთან, არ გაურბიხარ პასუხისმგებლობას, წარმატებაც აუცილებლად მოვა.

– რას გვეტყვით იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრებაში თქვენი გზამკვლევები და მხარდამჭერები იყვნენ?

– უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის – ჩემი ოჯახის, მასწავლებლების, მეგობრებისა და თანაგუნდელების, რომლებიც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გვერდით მედგნენ. მათი ნდობა, რჩევები და მხარდაჭერა იყო ის ძალა, რაც წინსვლაში მეხმარებოდა. ადამიანი მარტო ვერაფერს მიაღწევს, ნებისმიერი ღირებული შედეგი ყოველთვის გუნდური მუშაობისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვისაც შენი სჯერა.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *