დაავადებათა სკრინინგის მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია ჩატარდა
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, წარმატებით ჩატარდა დაავადებათა სკრინინგის მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი. ტუბერკულოზის, B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის კვლევები, ასევე, არტერიული წნევის კონტროლი და სხვა პრევენციული გამოკვლევები.
პროცესს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მოსახლეობის ინფორმირების პროცესში.
კამპანიის მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა, პრევენცია და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დროულ სამედიცინო ჩარევას.
სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ ისარგებლოს პრევენციული სამედიცინო გამოკვლევებით.