დაგეგმილი პროექტები და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, მოადგილეებთან – ვლადიმერ მგალობლიშვილთან და ირმა აბულაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტებთან.
შეხვედრაზე განიხილეს დაწესებულებების საქმიანობა, არსებული გამოწვევები, დაგეგმილი პროექტები და სამომავლო პრიორიტეტები. ყურადღება გამახვილდა უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერების, სამუშაო პროცესების ეფექტიანი მართვისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების საკითხებზე.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეული დაწესებულების საქმიანობა შეესაბამებოდეს საერთო კულტურულ პრიორიტეტებს და მიმართული იყოს მენეჯმენტის გაძლიერების, შემოქმედებითი პროცესების გააქტიურების, საზოგადოების ჩართულობის ზრდის, ქართული კულტურის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციისა და კულტურული ტურიზმის განვითარებისკენ.
აღინიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს მიმდინარე საკითხების დროულად განხილვასა და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას.