დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა – რა იცვლება დამსაქმებლებისთვის
საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ახალი რეგულაციებით, იცვლება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე რეაგირების წესი, ჯარიმის ოდენობა, ასევე, გასაჩივრებისა და აღსრულების პროცედურები. ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
ცვლილებების მიზანია, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა კუთვნილი შენატანები მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე დროულად და სრულად აისახოს.
კანონის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, ცალკეული ნორმები კი ძალაში ეტაპობრივად შევა. კერძოდ, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმები, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე რეაგირების განახლებული წესი და მიუღებელი სარგებლის დარიცხვის პროცედურები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ჯარიმის ოდენობას ეხება. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრა. ამასთან, დამსაქმებლებისთვის დაწესდა 10-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და შესაბამის მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
საკანონმდებლო ცვლილებები ერთჯერად საშეღავათო ღონისძიებასაც ითვალისწინებს. დამსაქმებელი გათავისუფლდება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმისგან, რომელიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირდება, თუ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მიუღებელ სარგებელს.
იცვლება საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესიც. დამსაქმებელს, საპენსიო სქემის მონაწილეს, პენსიის მიმღებსა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს გადაწყვეტილების გასაჩივრება მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეეძლებათ. საჩივრის წარდგენა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას შეაჩერებს, თუმცა მიუღებელი სარგებლის დარიცხვა გაგრძელდება.
დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამასთან, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, სასამართლოს დავის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს.
2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება განწილვადების მექანიზმიც, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის ეტაპობრივად დაფარვა შეეძლება. ვალდებულების განწილვადება შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება.
ცვლილებები ელექტრონული შეტყობინების წესსაც მოიცავს. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში. გადაწყვეტილების შესახებ დამსაქმებელი ინფორმაციას მოკლე ტექსტური ან სხვა ელექტრონული შეტყობინების საშუალებითაც მიიღებს.
ახალი რეგულაციებით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა.
ცვლილებების მიზანია საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვა, მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე კუთვნილი თანხების სრულად ასახვა და საპენსიო ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.