,,დადგება დრო, ამოკენკავ სათითაოდ სულიდან ტკივილს“
ეკა (ეკატერინე) ოთარაშვილი ცამეტი წელია ემიგრაციაშია, კერძოდ, ცხოვრობს და საქმიანობს იტალიაში. იგი ლექსების ორი კრებულის ავტორია, ასევე, გამოცემული აქვს ორენოვანი პროზაული კრებული „გაქცევით შეჩერებულები”, რომლის წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ ქალაქ ბარიშის ალდო მორის უნივერსიტეტში შედგა ქალბატონ ეკას შემოქმედებითი საღამო ,, გზა სამშობლოსკენ”.
მალე მკითხველი მის ორენოვან ახალ პროზაულ კრებულს „მარტოხელა მგლები არ ლაპარაკობენ“ იხილავს.
საყურადღებოა ისიც, რომ მწერალ ფრანკო მინერვინის მიერ შედგენილ კრებულში შევიდა ეკას მოთხრობა „იტალიელი ლილიანა“.
დღეს ქალბატონი ეკა თავის ცხოვრებაზე, ემიგრაციასა და საკუთარ შემოქმედებაზე გვესაუბრება.
– გააცანით თქვენი პერსონა ჩვენი გაზეთის მკითხველს…
– მე გახლავართ ეკა (ეკატერინე) ოთარაშვილი. დავიბადე მითებისა და ლეგენდების სამფლობელოში, კახეთის ულამაზეს სოფელ კისისხევში, რომლის მიწებიც იერუსალიმში ქრისტეს მიწებადაა მოხსენიებული. ბავშვობა ლაღი და ბედნიერი მქონდა. პატარაობიდანვე ჩემს შეგრძნებებს და განცდებს ლექსებში, ჩანახატებში, ნაქარგებსა და ხელნაკეთ სამკაულებში გამოვხატავდი. ეს ყოველივე ჩემს ცხოვრებას დღესაც ჰარმონიულს ხდის. ჩემი, მედიკოსის, პროფესია დამეხმარა, რომ ღმერთთან სიახლოვე უფრო მეტად მეგრძნო. ცამეტი წელია ემიგრაციაში ვარ, ვცხოვრობ იტალიაში. ვარ ლექსების ორი კრებულის ავტორი – ,,მინდა შეგივსოთ თუნდ პაწია სიცარიელე“ და,,გზაში“, რომლის დიზაინიც ეკუთვნის ბატონ ნიკოლა დე სანტისს. გამოცემული მაქვს ორენოვანი პროზაული კრებული ,,გაქცევით შეჩერებულები“ და მალე გამოვა ასევე ორენოვანი პროზაული კრებული ,,მარტოხელა მგლები არ ლაპარაკობენ“. ჩემი საქმიანობით ვცდილობ, საქართველოს ელჩი ვიყო. მიყვარს ჩემი ფრაზა – ,,მეიოლე კაცი, კარგი მეგობარი ვერ იქნება“.
– გაიხსენეთ ის დღე, როცა განცდები გულმა ვერ დაიტია და წერა დაიწყეთ, პირველი ტექსტი როგორი იყო – ლექსად თუ პროზად?
– საკლასო ოთახის ფანჯრიდან ფანტელების ფარფატს თვალმოუშორებლად ვუყურებდი და ასეთი შეგრძნება დამეუფლა – მის სისპეტაკეს შევერიე და მათ შორის დავფრინავდი როგორც ადამიანი ფიფქი და ასე დავწერე პირველი ლექსი. მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი.
– თქვენი ცნობილი პროზაული კრებულის „გაქცევით შეჩერებულების“ შთაგონების წყარო?
– კრებული შეიქმნა ემიგრაციაში. უკვე პოეზიაში ვერჩატეული უსაზღვრო ემოციის, ტრასფორმაციის, აზრთა გარდასახვის და სამშობლოსადმი ჩემი მოვალეობების შეგრძნების შემდეგ, აღმოვჩნდი პროზაში. იტალიელებმა, ვისთანაც მიხდებოდა შეხვედრები, ბევრი რამ არ იცოდნენ ჩვენს შესახებ. ბატონმა მიხო მოსულიშვილმა გამომიგზავნა იტალიაში ფორე მოსულიშვილის რაზმის შესახებ ინფორმაცია იტალიურ ენაზე და დავიწყე მათთვის ჩვენი ერის გაცნობა. რომში, ვილა ბორგეზე მსოფლიო კლასიკოსთა შორის მეთორმეტე საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე შოთა რუსთაველის ძეგლიც რომ არის, ამასაც სიამაყით ვაცნობდი და… ამ ყველაფერმა განაპირობა კრებულში შესული მოთხრობების ნაწილის თარგმნა იტალიურ ენაზე, რასაც დიდი დაინტერესება მოჰყვა იტალიელი მკითხველის მხრიდან. იყო კითხვები და… ყველაზე მთავარი… ჩემი პროზაული კრებულის ,,გაქცევით შეჩერებულების“ გაცნობის შემდეგ, პროფესორმა ნიკოლეტა კონტემ მისი პრეზენტაცია მოაწყო. მოწვეული სტუმრებით სავსე დარბაზში რომ შევედი, კედელზე განთავსებულ ტელევიზორის ეკრანზე საქართველოს რუკა იყო გამოსახული და დიდი ასოებით ეწერა ,,Georgia“. მინდოდა მუხლებზე დაცემა და ამოღმუვლება… მადლიერებით თავდახრილი ვიდექი მათ წინაშე და მდუმარედ ვტიროდი ჩემს საქართველოს და ჩემს ქართველ ემიგრანტებს. … ეს იყო საქართველოს აღიარება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. მე იქ მეორედ დავიბადე.
– ციტატა ამ კრებულიდან, რომელიც თქვენს სულიერ განწყობას ყველაზე უკეთ გამოხატავს …
– ერთხელაც, ვიღაც გეტყვის: – შენი თვალები გაუცხოების დღეებით კვდება. დადგება დრო, ამოკენკავ სათითაოდ სულიდან ტკივილს და ეს ტკივილი შენ თვითონ გაგაძლიერებს და განუზომელი რწმენით, სამყაროს მაღალ ფეხებზე შედგები.
– ლექსები, როგორც სულის ბიოგრაფია რას იტყვით ასეთ ფორმულირებაზე?
– პოეტის ლექსები მისი სულის ბიოგრაფიიდან იბადება, რომელსაც ზოგადად რეალური ცხოვრება შავ-თეთრი, თუ ფერადი ფერებით ერწყმის. ყველა თავისი შეგრძნების, ხედვის, გარდასახვის თუ წარმოსახვის ,,მსხვერპლია“.
– შეძელით საკუთარი თავის რეალიზება? რეალური და გამონაგონი როგორ დომინირებს თქვენს პოეზიაში?
– რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, საკუთარი თავის რეალიზაცია აქ, ემიგრაციაში შევძელი, თუმცა ამას იქ, საქართველოში, სხვა განზომილებაში გადაყვანილს ვგრძნობდი, იქ სხვა კუთხით ვიღებდი რეალიზებას. იქ, მართალი ის ვიყავი და აქ კი – სხვა მართალი, ეს ეკა ოთარაშვილი, რომელიც ხელახლა აღმოვაჩინე. მასში ბევრი გასაოცარი რამ აღმოჩნდა და ახალი სამყაროს კარი შევხსენი… როდესაც ბევრი სიმართლე გაქვს, იქ გამონაგონისთვის ადგილი არ გრჩება. ჩემი პოეზიაც და პროზაც რეალობიდან დაბადებულია თავისი პერსონაჟებით, რომლებიც საქართველოს და მის ისტორიას, თუ ტრადიციას წარმოადგენენ.
– თქვენთვის კრიტიკოსის აზრი უფრო მნიშვნელოვანია თუ მკითხველის?
– ჯანსაღი კრიტიკა ყველასგან მისაღებია. კრიტიკა გაფიქრებს, გასწავლის და გზრდის. არისტოტელემ დაგვიტოვა ასეთი ფრაზა: – ,, კრიტიკის თავიდან აცილება მარტივია: არაფერი თქვა, არაფერი აკეთო და არაფერი იყავი“.
– დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებს რომ აკვირდებით… ციფრული ტრანსფორმაცია და ლიტერატურა…
– ციფრული ტრანსფორმაცია ლიტერატურაში ცვლის ტექსტის გავრცელების და კითხვის პროცესს, რაც ავტორისა და მკითხველის ტრადიციულ გაგებას ცვლის. ამ ყოველივეს, ან იღებ, ან არა. როგორც სხვა ბევრი რამ, ესეც ეპოქამ მოიტანა.
– როგორც ემიგრანტს სათქმელიც ბევრი გექნებათ…
– იტალიაში ცხოვრების შუქ-ჩრდილები… ყველაზე მძიმე კითხვა დამისვით, მაგრამ მკითხველს გავუფრთხილდები და იოლი ფორმით ვარჩევ პასუხს. ემიგრაციაში წასვლა ვისთვის არჩევანია და ვისთვის იძულება, იძულება, რომელიც პასუხისმგებლობის ჩანართია მოქმედებაში მოყვანილი. თავიდან სულ ჩრდილია, შუქი ნელა-ნელა ცვრიანი განთიადივით შემოიპარება, თვალზე ცრემლმორეული. მიდიხარ და უცხოობის მწკლარტე გემოთი მიათრევ შენს ყოფიერებას. უცხოობამ ქართველებს, ერთმანეთის სიყვარული და გატანა უფრო მეტად გვასწავლა. მადლიერება ადამიანის თავსარქმელია და ჩვენც მადლიერნი ვართ იტალიელი ხალხის. მათ ესმით და იციან, რა გზას გავდივართ და როგორც შეუძლიათ ჩვენ გვერდით დგანან. მათი ჩვენდამი კეთილგანწყობით შედგა ქალაქ ბარიშის ალდო მოროს უნივერსიტეტში ბატონ ანჟელო ჩირონის ორგანიზატორობით ჩემი შემოქმედებით საღამო ,,გზა სამშობლოსკენ“. მწერალ ფრანკო მინერვინის შედგენილ კრებულში ,, STORIE IN LIBERTA“ შევიდა ჩემი მოთხრობა ,,იტალიელი ლილიანა“ და ასე, ორი ეროვნების ადამიანები ერთი ქვეყნის ცისქვეშ თანადგომით ვცხოვრობთ.
– რჩეული წიგნის რომელი ლიტერატურული პერსონაჟი იქნებოდით?
– ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა წიგნის პერსონაჟი მდომებია ვყოფილიყავი.
– ისტორიული წიაღიდან ვის გამოიხმობდით და რატომ?
– მეფე ერეკლე მეორის ქალაქიდან გახლავართ და ჩემს კახთ მეფეს გამოვიხმობდი. დღევანდელ საქართველოში, მას სათქმელი და საქმენი ექნებოდა.
ლაშა ხომერიკი