დავით გაბაიძეს  უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა
By

დავით გაბაიძეს  უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე დავით გაბაიძე სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ  სხდომაზე, დავით გაბაიძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.  კომიტეტის თავმჯდომარის მინდია დიასამიძის განცხადებით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უმაღლესი საბჭოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დავით გაბაიძის არჩევითაა გამოწვეული.

როგორც მინდია დიასამიძემ აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2026 წლის 15 მაისის წერილობითი შეტყობინების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წარედგინა ინფორმაცია სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესახებ, რომლის საფუძველზე, აღნიშნული საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია დავით გაბაიძე. ამასთან, გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და დასტურდება შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი ამონაწერით.

კომიტეტის წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის ყოფილ თავმჯდომარე დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადეს საკანონმდებლო ორგანოში ნაყოფიერი, წარმატებული, კოლეგიური საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვეს ახალ თანამდებობაზე.

კომიტეტის დასკვნა და დადგენილების შესაბამისი პროექტი ბიუროს წარედგინება.

  • No Comments
  • მაისი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *