დავით გაბაიძეს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა
აჭარის საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის დავით გაბაიძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევითაა გამოწვეული. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, დავით გაბაიძე სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის ყოფილ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა საკანონმდებლო ორგანოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვეს ახალ თანამდებობაზე. საზოგადოებისთვის, ასევე, ცნობილი გახდა, რომ დავით გაბაიძის ნაცვლად რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ მანდატით მინურ პაქსაძე იქნება წარმოდგენილი. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ მიიღო. დავით გაბაიძის ადგილმონაცვლეს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ წარმატებები უსურვა და დასძინა, რომ მინურ პაქსაძის უმაღლესი საბჭოს წევრად წარდგენა, პირველ რიგში, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს. „ბატონი მინურ პაქსაძე იქნება უმაღლესი საბჭოს მომავალი წევრი და აგრეთვე, ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატი. ის არის მუდმივად მცხოვრები ხულოს მუნიციპალიტეტში, აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, არის აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ მოტივით, რა მოტივითაც მმართველმა გუნდმა იხელმძღვანელა, ის იქნება როგორც ღირსეული უმაღლესი საბჭოს წევრი, ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ნანა აბულაძე
გალერეა
