დაკავებულების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავენ
By

დაკავებულების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავენ

 

აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობასა და სამეურვეო საბჭოს მიმართავენ. მათი განცხადებით, წელიწად-ნახევარზე მეტია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მოქალაქეებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ეძლევათ, რის გამოც არხისგან თემის აქტიურ გაშუქებას, სამუშაო შეხვედრასა და პირდაპირ ეთერს ითხოვენ.
„დღეს ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, მივმართავთ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებას.
უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ფაქტობრივად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მივმართოთ ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენი ხმა არ ისმის იმ მაუწყებელში, რომელიც ფინანსდება საქართველოს მოქალაქეების მიერ და ეკუთვნის მთელ საზოგადოებას.
სინდისის პატიმრების საქმეები, მათი უფლებრივი მდგომარეობა და ოჯახების ბრძოლა განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხია. ამ თემის იგნორირება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დაფუძნებული.
ჩვენი მოთხოვნებია: გაშუქდეს ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი, უახლოეს პერიოდში გაიმართოს ოფიციალური სამუშაო შეხვედრა მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან და პატიმრების ოჯახის წევრებს დაეთმოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას თავად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი შვილებისა და მათი საქმეების შესახებ.
ასევე, მივმართავთ სამეურვეო საბჭოს, გვიპასუხოს, რატომ არ დაგვითმეს ეთერი და რატომ არ შუქდებოდა ჩვენი აქტივობები, მიუხედავად არაერთი მიმართვისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არაერთი ღონისძიებისა.
ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ მოპყრობას. ვითხოვთ მხოლოდ თანაბარ წვდომას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას და საზოგადოების ინფორმირების უფლებას.
წარმოდგენილ მოთხოვნებზე პასუხს დღესვე ველოდებით. გვჯერა, რომ ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, ემსახუროს საზოგადოებას და არ დატოვოს ჩრდილში არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • No Comments
  • ივლისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *