„დაკარგული გზების სიზმარი” – ფოლკოპერა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში
By

„დაკარგული გზების სიზმარი” – ფოლკოპერა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ფოლკოპერა „დაკარგული გზების სიზმარი” გაიმართა. იგი თანამედროვე ენით გადმოცემული ქართული კულტურის ნიმუში, მძლავრი მუსიკალური მუხტი და სცენური ენერგიაა, რომელიც დროსა და სივრცეს აერთიანებს. მუსიკალური პროექტი ფოლკლორულ თემებსა და ეთნოგრაფიულ მოტივებზეა დაფუძნებული. რეჟისორმა თანამედროვე პროექტში ქართული ხალხური სასიმღერო ფოლკლორი და ქორეორგაფიის ელემენტები თეატრალიზებულად გააერთიანა. მუსიკალურმა სპექტაკლმა მაყურებლის დადებითი შეფასება დაიმსახურა. განსაკუთრებული ემოციებით ახალგაზრდებმა დატოვეს დარბაზი. მიუზიკლში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მუსიკალური თეატრის სოლისტები და გუნდის მსახიობები მონაწილეობდნენ.

– „დაკარგული გზების სიზმარი“ ფოლკოპერაა, რომელიც, თავისთავად, ძალიან განსხვავებული და საინტერესო ჟანრია. სპექტაკლი აგებულია ქართულ ელემენტებზე, ქართულ კულტურასა და ემოციებზე, რაც მას განსაკუთრებულ იდენტობას სძენს. გამოყენებულია მანანა ჩაუშბას მუსიკა, მისი სიმღერები, ასევე ცნობილი ქართული სიმღერები, რომლებიც ჩვენი ინტერპრეტაციით სრულიად ახალი ჟღერადობით განსხვავებული მუსიკალური გადაწყვეტით წარმოვაჩინეთ. მაყურებლისგან მიღებული ემოცია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ეს განსხვავებული ჟანრი და ჩვენი შრომა მათთან მიდის, აინტერესებთ და ემოციურად ეხებათ. ყოველი განმეორებითი ჩვენების შემდეგ, უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ სპექტაკლი მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო, მათი თბილი შეფასებები, ემოციები და კმაყოფილი სახეები ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა. პირადად ჩემთვის ამ სპექტაკლში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ასეთი განსხვავებული პროექტის ნაწილი, მაგრამ ამავდროულად, უდიდესი ბედნიერებაა, როცა სცენიდან მაყურებლის ენერგიას გრძნობ და ხვდები, რომ შენი შრომა დაფასებულია, – გვითხრა მუსიკალური თეატრის სოლისტმა მარიამ კახიძემ.

– სპექტაკლმა ძალიან კარგად ჩაიარა. ამ შემოქმედებით ჯგუფს არაერთი სპექტაკლი წარმოგვიდგენია მაყურებლისთვის, და ყოველთვის მეც, დარწმუნებული ვარ, ჩემს კოლეგებსაც, გვქონია შეგრძნება, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა და რაღაც დავაკელით, მაგრამ ეს შემთხვევა ნამდვილად გამონაკლისია. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე აღფრთოვანებული იყო შედეგით. ეს, რა თქმა უნდა, მაყურებლის შეფასებითაც იყო გამოწვეული. ამ სპექტაკლის იდეა უკრაინელმა რეჟისორმა ვლად ტროიცკიმ გაგვიზიარა და იმ მოკლე პერიოდში, რაც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, მოახერხა ის, რომ ყოველი ახალი შეხვედრა მაყურებელთან განსხვავებულია… შესაბამისად, ამ სპექტაკლში ძალიან ბევრი მიზეზი იყრის ერთად თავს იმისათვის, რომ მონაწილეებმა წარმოდგენისგან მაქსიმალური სიამოვნება და სცენის ადრენალინი მივიღოთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ქალბატონ მანანა ჩაუშბას შრომა ამ სპექტაკლის ვოკალურად და ჰარმონიულად ჩამოყალიბებისთვის. ბევრი ქართული ხალხური სიმღერა ჟღერს ამ სპექტაკლში, რომელიც ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ამ ვერსიების მოსმენის შემდეგ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სიმღერები თავიდან იბადება და მაყურებელი ყველა მათგანში რაღაც ახალს და იდუმალს პოულობს. მადლობას ვუხდით თითოეულ მაყურებელს მობრძანებისთვის, – გვითხრა მუსიკალური თეატრის სოლისტმა ნუკრი ბერიძემ.
– ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური წარმოდგენა იყო. განსაკუთრებით მომეწონა მუსიკის, ქართული კულტურისა და თანამედროვე სცენური ელემენტების შერწყმა. მსახიობებმა და შემსრულებლებმა ძლიერი ემოციები გადმოსცეს, რამაც სპექტაკლი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა. ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო, – გვითხრა მარია შავაძემ.
– უბრალოდ, აღფრთოვანებული ვარ! სპექტაკლმა საოცარი ემოციებით დამმუხტა. ყველაფერი, შესრულებით დაწყებული, ატმოსფეროთი დამთავრებული, იყო უმაღლეს დონეზე. დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის! – გვითხრა ლალი ხოროშაძემ.
– საოცარი სანახავი და მოსასმენი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ უნიკალურ შესრულებას, აღფრთოვანებული ვარ. ყველაფერი ერთმანეთში შერწყმული და მაყურებლამდე მოტანილი… ბრავო! წარმატებები ყველა მონაწილეს! აი, ასეთია შედეგი, როცა გიყვარს შენი საქმე, – გვითხრა ნინო ჩაკნელიძემ.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • მაისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *