დენის სალუქვაძემ კანონმდებლებს ანგარიში წარუდგინა
აჭარის საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძეს მოუსმინეს, რომელმაც კანონმდებლებს სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. თავის გამოსვლაში მან არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ისაუბრა განხორციელებულ, ასევე, დაგეგმილ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების, საოჯახო მეურნეობებისა და მეწარმე სუბიექტების განვითარების ხელშეწყობა, პროდუქციის მწარმოებელთა ეფექტიანობისა და მდგრადობის ამაღლება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ასევე, ტყის მდგრადი მართვა. მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 86%-ით შესრულდა, ხოლო 2026 წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი 11%-ით გაიზარდა და 40.9 მლნ ლარს შეადგენს. დენის სალუქვაძის განცხადებით, სამინისტრო ჯამში 16 პროგრამასა და 13 ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლითაც ბოლო ერთ წელში დაახლოებით 29 000 ფერმერმა ისარგებლა.
– სამინისტროს პროგრამები მიზნად ისახავს აგროსექტორის მდგრად განვითარებას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, აგრარული ექსტენციისა და აგროსერვისების განვითარებას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას. პროგრამები ორიენტირებულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე. სამინისტრო ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ორ კომპონენტს, მათ შორის საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერას. დაფინანსდება 5000 -მდე ფერმერული მეურნეობა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 2 848 192 ლარს.
რაც შეეხება სოფლად მეწარმეობის განვითარებას, დაფინანსდება არანაკლებ 7 პროექტი. პროექტის ფარგლებში თანადაფინანსება განხორციელდება რამდენიმე მიმართულებით: „აგროინვესტიცია აჭარაში“, „აგროსაწარმოს გადაიარაღება/გაფართოება“, „გახდი აგრომეწარმე“, „ახალგაზრდა აგრომეწარმე“. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 000 000 ლარს. მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს აგროსერვისების განვითარება რეგიონში, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 10 380 773 ლარს. პროგრამა ითვალისწინებს მეციტრუსეობის ხელშეწყობას, სამელიორაციო სისტემების მართვას, მეფუტკრეობის მხარდაჭერას, სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგებისა და ჩითილების წარმოებას, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშთა განახლებას.
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით საქმიანობა მოიცავს გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტყის დაცვასა და მოვლას, ტყეების მდგრად მართვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. აღნიშნული მიმართულებით პროგრამების დაფინანსება შეადგენს 18 827 567 ლარს, – განაცხადა დენის სალუქვაძემ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრზე, რომლის მომსახურება 2026 წელს განხორციელდება და რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) ჩატარებას უზრუნველყოფს (მისი ბიუჯეტი შეადგენს 1 865 800 ლარს).
მოხსენების დასრულების შემდეგ მინისტრმა კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა, რომელთა ძირითადი ნაწილი მეციტრუსეობას, ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერას, დახვნის პროგრამას, გარემოს დაცვას, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის მიმართულებებს შეეხო. დენის სალუქვაძის განცხადებით, სამინისტრო მზად არის ყველა ის ხარვეზი რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში არსებობს, ეტაპობრივად აღმოიფხვრას.
– მინისტრიც და სამინისტროს თანამშრომლებიც, ცხადია, კომპეტენტურები არიან, რაც როგორც მოხსენებაში, ისე მათ ყოველდღიურ საქმიანობაშიც ნათლად გამოჩნდა. აგრარული მიმართულებით მათ აქვთ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები და ხარვეზები, რომლებზეც მოსახლეობა საუბრობს და რასაც ჩვენც ვხედავთ. ყველა მიმართულებით საჭიროა მუშაობის გაგრძელება, ხოლო იქ, სადაც პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას, მნიშვნელოვანია სწორი დაბალანსება და საკითხების საფუძვლიანი გადაფასება. მიმდინარე წელს აუცილებელია ისეთი პროექტების შემუშავება, რომლებიც ორიენტირებული იქნება როგორც ინდივიდუალურ, ისე ფართო, სისტემურ მხარდაჭერაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, განსაკუთრებით კი ფერმერების გაძლიერებაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენი რეგიონისთვის ტრადიციულ დარგებს, მათ შორის მეციტრუსეობას. როგორც ვიცით, რეგიონში 22 000-ზე მეტ ოჯახს აქვს ციტრუსის მეურნეობა, ამიტომ ამ მიმართულების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ციტრუსი მალფუჭებადი პროდუქტია და საჭიროებს სწრაფ რეალიზებას, ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, სუბსიდირების ეფექტიან მექანიზმებსა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მინისტრსა და მის გუნდს წარმატებებს ვუსურვებ იმ პროგრამების განხორციელებაში, რომლებზეც აქტიურად მუშაობენ და რომლის შესრულებისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებენ“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ.
კანონმდებლებმა მინისტრის მოხსენება ცნობად მიიღეს.
ნანა აბულაძე