დენის სალუქვაძე: ტყის დაცვა და აღდგენა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა
მეტყევის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის თიკერის სატყეოს ისპანის უბანში გამწვანების აქცია გაიმართა. გარემოსდაცვითი ღონისძიება აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
ეკოლოგიურ აქციაში აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, სამინისტროსა და სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ესევე, ბათუმის „მეგა სკოლის“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ისპანის უბანში ახალი ნერგები დარგეს.
დენის სალუქვაძე მოსწავლეებს ტყის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, შემდეგ კი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„ტყე ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე და მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებელი უმნიშვნელოვანესი რესურსია. მისი დაცვა და აღდგენა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე ჩაერთონ გარემოსდაცვით საქმიანობაში, გაიაზრონ ტყის მნიშვნელობა და იზრუნონ ბუნებაზე.
დღევანდელი გამწვანების აქცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ტყეების შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. ვულოცავ მეტყევეებს პროფესიულ დღეს და მადლობას ვუხდი მათ ყოველდღიური შრომისა და ტყის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის“, – აღნიშნა დენის სალუქვაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი გარემოსდაცვითი აქციები რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება. მისი მიზანი მოზარდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ტყის საფარის აღდგენა-შენარჩუნებაა.