დენის სალუქვაძე ქობულეთში მოცვის ბაღის გაშენების პროცესს დაესწრო
By

დენის სალუქვაძე ქობულეთში მოცვის ბაღის გაშენების პროცესს დაესწრო

აჭარაში საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა აქტიურად გრძელდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსებულ ახალ მეურნეობას და უშუალოდ მიიღო მონაწილეობა მოცვის ნერგების დარგვის პროცესში.

პროგრამის ბენეფიციარს, ადგილობრივ ფერმერ ლია მენაღარიშვილს, მიმდინარე წელს 1 ჰექტარ ფართობზე თანამედროვე სტანდარტების მოცვის ბაღის გაშენება დაუფინანსდა. პროექტი ითვალისწინებს 3 000 ძირი ლურჯი მოცვის ნერგის დარგვას, წვეთოვანი სარწყავი სისტემის ინსტალაციასა და ნიადაგის მულჩირებას.

დენის სალუქვაძის განცხადებით, რეგიონში კენკროვანი კულტურების, განსაკუთრებით კი ლურჯი მოცვის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მაღალშემოსავლიანი აგრარული მიმართულებაა.

– აჭარაში ლურჯი მოცვის წარმოებას დიდი პოტენციალი აქვს. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვისა და ახალი, მაღალპროდუქტიული ბაღების გაშენების კუთხით. ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება პირდაპირ უწყობს ხელს როგორც ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და სოფლად ოჯახების შემოსავლების ზრდას, ისე ჩვენი რეგიონის საექსპორტო პოტენციალის გაფართოებას, – აღნიშნა მინისტრმა.

სოფელ მუხაესტატეში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რაც რეგიონის მასშტაბით ათეულობით ფერმერს მისცემს საკუთარი მეურნეობის გაფართოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის შესაძლებლობას.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *