დიაბეტი – თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა
By

დიაბეტი – თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა

ბათუმი ოფთალმოლოგებისა და ენდოკრინოლოგების ერთობლივ კონფერენციას „დიაბეტი და მხედველობა: თვალის დიაბეტური გართულებების ინტეგრირებული მართვა“ მასპინძლობდა, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე  ესწრებოდა.

საქართველოს ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური სამედიცინო საზოგადოებების მიერ 2026 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დიაბეტური რეტინოპათიის მართვა განისაზღვრა. შესაბამისად, კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო დაავადების მართვის თანამედროვე კლინიკური პრაქტიკა, საერთაშორისო რეკომენდაციები და ინტეგრირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
,,აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  უზრუნველყოფს პაციენტთა მხარდაჭერას ბადურის ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია, მაკულარული შეშუპება ბადურის ვენის ოკლუზიის გამო, მიოპიური ქოროიდული ნეოვასკულარიზაცია, ნეოვასკულარული ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია და სხვა. მკურნალობა ფინანსდება ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვალის დაავადებების დროული პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში” – აღნიშნა მარი ზანაქიძემ.


სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება დიაბეტური რეტინოპათიის ცნობიერების ამაღლების კამპანიის – „აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს, სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების ინფორმირება ბადურის რეგულარული გამოკვლევისა და მხედველობის შესანარჩუნებლად დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.
შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული მხედველობის დაზიანება, მათ შორის, დიაბეტური მაკულური შეშუპება, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე, ისე მათი ცხოვრების ხარისხსა და შრომისუნარიანობაზე.

  • No Comments
  • აგვისტო 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *