„დიაგნოზის ზრდა, მეტწილად, დაკავშირებულია შემთხვევების უკეთ გამოვლენასთან“
By

„დიაგნოზის ზრდა, მეტწილად, დაკავშირებულია შემთხვევების უკეთ გამოვლენასთან“

აუტისტური სპექტრის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა თემის ირგვლივ კვლავ ბევრი კითხვა და მცდარი წარმოდგენაა. ადრეული ნიშნების ამოცნობა, სწორი შეფასება, სათანადო მხარდაჭერა ბავშვისა და მისი ოჯახისათვის მნიშვნელოვანია. რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმის შესახებ და რა როლს ასრულებს ადრეული შეფასება, ამ და სხვა საკითხზე ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი სალომე ვაშალომიძე გვესაუბრა.
–
როგორ უნდა ამოვიცნოთ აუტისტური სპექტრის აშლილობა?
– აუტიზმის სპექტრის აშლილობა სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია. ადრეულ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს თვალის კონტაქტის სიმცირე, სახელზე ან მიმართვაზე არასაკმარისი რეაგირება, სოციალური ურთიერთობის სირთულე, მეტყველების განვითარების შეფერხება ან თავისებურებები. აუტიზმის დროს ხშირია ექოლალია (სხვის მიერ ნათქვამი სიტყვების ან ფრაზების გამეორება). იგი შეიძლება, განვითარების გარკვეულ ეტაპზე იყოს ბუნებრივი და ფუნქციური, თუმცა აუტიზმის შემთხვევაში, ზოგჯერ, უფრო ხანგრძლივადაც გრძელდება და შესაძლოა ბავშვის კომუნიკაციის თავისებურებას წარმოადგენდეს. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს განმეორებითი მოძრაობები, მაგალითად, ხელების ქნევა, ერთი და იგივე მოძრაობის გამეორება, საგნების გარკვეული წესით დალაგება, ერთი და იმავე თამაშის განმეორებით შესრულება. ასევე, შეიძლება ჰქონდეს ძალიან ძლიერი, შეზღუდული ინტერესები და უჭირდეს ცვლილებების მიღება, განსაკუთრებით იზიდავდეს გარკვეული ხმები, სინათლე, მოძრაობა ან შეხება, ან პირიქით, ძალიან მგრძნობიარე იყოს ხმაურის, განათების, სუნების, გემოსა და გარკვეული ტექსტურის მიმართ. მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს გარკვეული სენსორული სტიმულაციის ძლიერი მოთხოვნილება, იგი შეიძლება ხშირად ეხებოდეს სხვადასხვა საგანს, აკაკუნებდეს მაგიდაზე და ამით სხვადასხვა ხმას ქმნიდეს, იზიდავდეს მუსიკალური ან ხმოვანი სათამაშოები, აკვირდებოდეს ციმციმა ან მოძრავ საგნებს და ძალიან ახლოს მიიტანოს თვალთან. შესაბამისად, ყველა ბავშვი ინდივიდუალურად აღიქვამს გარშემო არსებულ მდგომარეობას.
– რა ვიცით დღეს ბავშვებში აუტიზმის გამომწვევ მიზეზებზე?
– აუტიზმის სპექტრის აშლილობას ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ აქვს. ეს არის მრავალფაქტორული ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა, რომლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედება. გენეტიკური ფაქტორების მნიშვნელობა ძალიან დიდია. არსებობს მრავალი გენი და გენეტიკური ცვლილება, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს აუტიზმის განვითარების გაზრდილ ალბათობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს ერთი კონკრეტული „აუტიზმის გენი“. ასევე, შესწავლილია ორსულობისა და ადრეული განვითარების პერიოდში მოქმედი სხვადასხვა ბიოლოგიური და გარემო ფაქტორი, მაგალითად, ორსულობის გარკვეული გართულებები, ნაადრევი მშობიარობა და ა.შ. თუმცა კონკრეტული რისკ-ფაქტორის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუტიზმი აუცილებლად განუვითარდება.
– რა ასაკიდან შეიძლება აუტიზმის ნიშნების შემჩნევა?
– აუტიზმის ნიშნების შემჩნევა საკმაოდ ადრეულ ასაკშიც არის შესაძლებელი. ზოგიერთ ბავშვთან პირველი ნიშნები 12–18 თვის ასაკში იკვეთება, თუმცა ზოგ შემთხვევაში – უფრო მოგვიანებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების ეტაპების შეფასება და მშობლის დაკვირვება.
– რა არის პირველი ნაბიჯი – ვის უნდა მიმართოს ოჯახმა ?
– აუცილებელია, მშობელი არ დაელოდოს იმ პერიოდს, როცა „ბავშვი გაიზრდება და ყველაფერი თავისით გამოსწორდება“. თუ მას აქვს რაიმე ეჭვი შვილის განვითარებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია დროული კონსულტაცია. პირველ ეტაპზე, ოჯახმა შეიძლება მიმართოს პედიატრს, რომელიც შეაფასებს ბავშვის განვითარების ძირითად ეტაპებს და, საჭიროების შემთხვევაში, ურჩევს შესაბამისი სპეციალისტის ჩართვას. თუ არსებობს აუტიზმზე ეჭვი, მნიშვნელოვანია ბავშვის შეფასება ბავშვთა ფსიქიატრის, განვითარების სპეციალისტის ან შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. შეფასების პროცესში ყურადღება ექცევა ბავშვის სოციალურ კომუნიკაციას, მეტყველებას, ქცევას, თამაშის თავისებურებებს, სენსორულ რეაქციებსა და ზოგად განვითარებას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებითი შეფასებებიც, მაგალითად, მეტყველების, სმენის, კოგნიტური და ადაპტაციური უნარების. რაც უფრო ადრე გამოვავლენთ ბავშვის საჭიროებებს და სწორად შევაფასებთ მათ, მით მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ხელი შევუწყოთ პატარის განვითარებას.
– რა როლი აქვს მშობელს ამ პრობლემის მოგვარებაში?
– პირველ რიგში, მშობელმა უნდა გაიაზროს, რომ აუტიზმი არ არის მშობლის შეცდომის ან არასწორი აღზრდის შედეგი. მისი მთავარი როლია, დროულად შეამჩნიოს ბავშვის საჭიროებები, მიმართოს შესაბამის სპეციალისტებს და მთელი განვითარების პროცესში იყოს ბავშვის მხარდამჭერი და პარტნიორი.
– საზოგადოებაში აუტიზმთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. რომელია ყველაზე გავრცელებული?
– აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოებაში მართლაც ბევრი მითი არსებობს და ზოგი მათგანი ბავშვისა და ოჯახის მიმართ სტიგმას კიდევ უფრო აძლიერებს. ყველაზე გავრცელებულია: „აუტიზმი დაავადებაა და მისი განკურნება შესაძლებელია“ – აუტიზმი ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა და მისი მიზანი არაა ადამიანის „აუტიზმისგან განკურნება“, არამედ მისი განვითარებისა და ფუნქციონირების მხარდაჭერაა; „აუტიზმის მქონე ბავშვებს არ შეუძლიათ სიყვარული და ემოციების გამოხატვა“ – ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მითია; „აუტიზმის მქონე ყველა ბავშვი ერთნაირია“ – სინამდვილეში, აუტიზმის სპექტრი ძალიან მრავალფეროვანია; „ვაქცინები იწვევს აუტიზმს“ -მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს; „თუ ბავშვი ლაპარაკობს, აუტიზმი არ აქვს“ – მეტყველების არსებობა აუტიზმს არ გამორიცხავს; „აუტიზმის დიაგნოზი ბავშვის მომავლის განაჩენია“- ეს ასე არ არის. ადრეული იდენტიფიცირება, ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, ოჯახის ჩართულობა და ინკლუზიური გარემო მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.
– რამდენად ეფექტურად ეხმარება სახელმწიფო აუტიზმის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს დღეს და არის თუ არა სახელმწიფო პროგრამები საკმარისი იმისთვის, რომ ოჯახმა ბავშვისთვის საჭირო მომსახურება სრულად მიიღოს?
– ჩემი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, მაგრამ არსებული პროგრამები ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ყველა ოჯახის საჭიროების სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოში 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა პირდაპირ მოიცავს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას და პროგრამის მიზნად ხარისხიანი სოციალური მომსახურების, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას განსაზღვრავს. თუმცა მთავარი გამოწვევა ისაა, რომ რეაბილიტაციის საჭიროება თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურია. ერთ ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს მეტყველების თერაპია, მეორეს -ოკუპაციური თერაპია, ქცევითი ინტერვენცია, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ან უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი მომსახურება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხი და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ოჯახისთვის პრობლემა შეიძლება იყოს არა მხოლოდ დაფინანსების ოდენობა, არამედ შესაბამისი სპეციალისტის პოვნა, რიგი, ტრანსპორტირება და მომსახურების უწყვეტობა. 2026 წლის პროგრამაში უკვე გათვალისწინებულია ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეთა ტრანსპორტირების ფინანსური მხარდაჭერაც.
– რა გამოწვევების წინაშე არიან ის ოჯახები, რომლებსაც ფინანსურად არ შეუძლიათ ბავშვისთვის კერძო თერაპიის დაფინანსება?
– ეს ოჯახებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა. როცა მშობელს კერძო თერაპიის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, პრობლემა მხოლოდ თანხის არქონით არ შემოიფარგლება, ხშირად ბავშვის საჭიროებებსა და ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს შორის დიდი უფსკრული ჩნდება.
საქართველოში სახელმწიფო პროგრამა აუტიზმისა და სხვა შშმ ბავშვების რეაბილიტაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს, ხოლო 2026 წლის პროგრამის მიზნებში პირდაპირ არის მითითებული ხარისხიანი მომსახურების, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. მაგრამ პრაქტიკაში დაბალშემოსავლიანი ოჯახი შეიძლება რამდენიმე სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს: თერაპიის ინტენსივობის შეზღუდვა – ბავშვს შეიძლება უფრო მეტი ან უფრო ხშირი მომსახურება სჭირდებოდეს, ვიდრე ოჯახს შეუძლია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსებით; დამატებითი მომსახურების თვითდაფინანსების შეუძლებლობა-მაგალითად, დამატებითი მეტყველების, ოკუპაციური ან ქცევითი თერაპიის საჭიროების შემთხვევაში; ტრანსპორტირების პრობლემა – განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისთვის. სახელმწიფო პროგრამა ტრანსპორტირების ფინანსურ მხარდაჭერასაც ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ხელმისაწვდომობის პრობლემა მაინც შეიძლება დარჩეს; მშობლის დასაქმების შეზღუდვა-ხშირ შემთხვევაში, ერთ-ერთი მშობელი იძულებულია,ი სამუშაო საათები შეამციროს ან საერთოდ დატოვოს სამსახური, რათა ბავშვი თერაპიაზე ატაროს; სხვა ხარჯები -დიაგნოსტიკა, მედიკამენტები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები, ტრანსპორტი და ბავშვის ყოველდღიური მოვლა ოჯახისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის; რეგიონული უთანაბრობა – დიდ ქალაქებში უფრო მეტი სერვისია, მაშინ როცა რეგიონებში ოჯახს შეიძლება არჩევანი ძალიან შეზღუდული ჰქონდეს.
– ბაღებსა და სკოლებში რამდენად არის უზრუნველყოფილი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი გარემო და სპეციალისტის დახმარება?
–
თუ საქართველოს რეალობას შევაფასებთ, ბაღებსა და სკოლებში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა პრაქტიკაში სისტემა ჯერ კიდევ არ არის თანაბრად ძლიერი და ხელმისაწვდომი ყველასთვის. სკოლის დონეზე არსებობს სპეციალური მასწავლებლების, ფსიქოლოგების, რესურსოთახებისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გეგმების მექანიზმები. აუტიზმის სპექტრი პირდაპირ არის აღიარებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების საფუძვლად. ასევე, არსებობს ასეთი მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასების მოდელი, სადაც ბავშვებთან მუშაობენ სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები და სხვა სპეციალისტები. ყველა სკოლასა და ბაღში არ არის ერთნაირი რაოდენობისა და კვალიფიკაციის სპეციალისტი. ამიტომ ორი ბავშვის გამოცდილება შეიძლება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლაში გადასვლის პერიოდი. აუტიზმის მქონე ბავშვისთვის მხოლოდ ფიზიკურად სკოლაში ყოფნა არ ნიშნავს ინკლუზიას. საჭიროა, მას ჰქონდეს ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო მიდგომა, ვიზუალური მხარდაჭერა, სენსორული საჭიროებების გათვალისწინება, ქცევითი სირთულეების მართვა და თანატოლებთან სოციალური ურთიერთობის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით სისტემის განვითარება კვლავ გრძელდება – 2026 წელს განათლების სამინისტრომ, ინკლუზიურ განათლებაზე საჯარო დიალოგის შედეგად, მათ შორის, სკოლამდელ საფეხურზე ინკლუზიური სერვისების განვითარება და სპეციალური მასწავლებლებისა და ასისტენტების პროფესიული განვითარების გაძლიერება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. სისტემა არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი გზა გასავლელი, რათა ინკლუზიური განათლება მხოლოდ ფორმალური ჩართულობა კი არადა, რეალურად ხარისხიანი განათლებისა და განვითარების შესაძლებლობა გახდეს.
– ბოლო წლებში აუტიზმის დიაგნოზის შემთხვევების ზრდას ვხედავთ. ეს რეალურად ნიშნავს, რომ გავრცელებამ იმატა, თუ გამოვლენასა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებასთან გვაქვს საქმე?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად დასმული კითხვაა. დიაგნოზის ზრდა რეალური ფაქტია, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ აუტიზმის ბიოლოგიური გავრცელება იმავე ტემპით მატულობს. არსებული მონაცემებით, ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია შემთხვევების უკეთ გამოვლენასთან, ცნობიერების ამაღლებასა და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან. დღეს უფრო ხშირად ხდება ისეთი ბავშვების გამოვლენა, რომლებიც ადრე შესაძლოა, საერთოდ არ მოხვედრილიყვნენ დიაგნოსტიკურ სისტემაში, მათ შორის გოგონების, შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე ბავშვების და ბავშვების, რომელთა ინტელექტუალური შესაძლებლობები შენარჩუნებულია. ასევე, გაფართოვდა დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და გაუმჯობესდა სკრინინგისა და შეფასების მეთოდები.
– რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორი დამოკიდებულება აუტისტური სპექტრის ბავშვების მიმართ?
– უმნიშვნელოვანესია, რადგან აუტიზმი არ უნდა აღიქმებოდეს როგორც „განაჩენი“ ან ბავშვის მომავლის განმსაზღვრელი დიაგნოზი. აუტისტური სპექტრის აშლილობა ადამიანის კომუნიკაციის, სოციალური ურთიერთობის, ქცევისა და სენსორული ინფორმაციის აღქმის თავისებურებებზე აისახება. საზოგადოების დამოკიდებულება პირდაპირ მოქმედებს როგორც ბავშვზე, ისე ოჯახზე. როცა აუტიზმს მხოლოდ პრობლემად ან ტრაგედიად აღვიქვამთ, იზრდება სტიგმა, იზოლაცია და მშობლების შიში, ხოლო როცა ვსაუბრობთ განსხვავებულ განვითარებაზე, ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე, ბავშვს ვაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ეს არ ნიშნავს სირთულეების უარყოფას. პირიქით, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა, შესაბამისი თერაპია, განათლება და მხარდაჭერა. უბრალოდ, ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს ბავშვის „ნორმაში მოქცევა“, არამედ მისი ძლიერი მხარეების განვითარება, სირთულეების შემცირება და საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა.

 თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *