„დიახ, მე აქ, უცხოეთში, საქართველოს ვემსახურები “
ჩვენი თანამემამულე, მწერალი, არაერთი პრემიის ლაურეატი ეთერ ზაქარიაძე 25 წელია, ემიგრაციაშია, ის მუდამ ცდილობს, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გაისარჯოს და კეთილი კვალი დატოვოს. სწორედ ამ თვისებების გამო მას საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ 2024 წელს მნიშვნელოვანი მისია მიანდო – საზოგადოების ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა იტალიასა და შვეიცარიაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამ დიდ საქმეს როგორ ასრულებს, სწორედ ამის გასაგებად ვესაუბრებით ქალბატონ ეთერის.
– უკვე წლებია, უცხოეთში იმყოფებით, როგორია თქვენი ემიგრანტული ცხოვრების შუქ–ჩრდილები, მოგვითხრეთ მაქაურობაზე, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, როგორ ურთიერთობთ უცხოელებთან?
– ჩემმა ემიგრანტულმა ცხოვრებამ გადაფურცლა 25 წელი. ფაქტს ვერ გავექცევი, არა მარტო სევდიან ისტორიებს ვისმენ, არამედ ტრაგიკული შემთხვევაც ძალიან გახშირდა. არაერთ ემიგრანტს სხვადასხვა პროლემასთან უწევს გამკლავება, თუმცა ინარჩუნებენ მხნეობას, რათა არ გატყდნენ. ამაყად გრძნობენ თავს ქართველები – როდესაც ოჯახს, მოყვასს თუ საქართველოს უჭირს, ძნელია შეაჩერო ისინი. სწორედაც ამ შემართებით განსხვავდება სხვა ეროვნებისგან ქართველი! თანადგომით, სითბოთი, სიყვარულით ერთმანეთს აძლიერებენ. სამი, ოთხი ქართველი ერთად უცხოეთში უკვე პატარა საქართველოა. ამან გამაძლებინა 25 წელი უცხო მიწაზე, დავცქერი წელიწადის ყოველ ახალ კალენდარს და კიდევ არ ჩანს დაბრუნების თარიღი.
– როგორც ვიცი, 2024 წლის ივლისიდან დაინიშნეთ საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ოფიციალურ წარმომადგენლად იტალიასა და შვეიცარიაში, ამ მაღალ ნდობას როგორ პასუხობთ, რა შეგიძლიათ ამის თაობაზე გვითხრათ?
– პასუხისმგებლობა, რაც რუსთაველის საზოგადოებამ დამაკისრა, რთულია. ადამიანთა უფლებების დაცვა და სამართლიანი შეფასება ერთნაირი კრიტერიუმებით არ ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფოში… ვფიქრობ, ეს ყოველივე პოლიტიკური ინტერესების სფეროშიცაა და პოლიტიკურ სიღრმეს მე ვერ შევწვდები… თუმცა პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი. პატარა საქმით დავიწყე, ვფიქრობ, რასაც შევწვდები, ის საქმე ვაკეთო, ჩემი წვლილი შევიტანო საერთო ისტორიულ და კულტურულ სივრცეში. მაგალითად, შევძელი ციურიხის რამდენიმე სკოლაში შემეტანა 2018 წელს გერმანულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ეგზემპლარი, ასევე, დაწყებით კლასებში ბავშვებს დავურიგე ქართული სამზარეულოს რეგიონალური კულინარიის ბროშურები, სადაც ბუნებრივია, საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძების რეცეპტებია შეტანილი. გარდა ამისა, ტურისტული მიმართულებით, თითქმის ორივე სახელმწიფოს (იტალია, შვეიცარია) სარეკლამო ჯიხურებში გასაყიდ ჟურნალ-გაზეთებში უსასყიდლოდ ვრცელდება საქართველოს მთიანი კურორტებისა და შავი ზღვის დასასვენებელი ადგილების სურათები… მილანსა და უდინეს სარეკლამო ჯიხურებში საქართველოს სტენდის კუთხის გაკეთებას ვაპირებ. ვფიქრობ, ამ პატარა საქმით კიდევ დიდ საქმეს გავაკეთებ. დიახ, მე აქ, უცხოეთში, საქართველოს ვემსახურები.

– ამ წელს შემოქმედებითი აქტიურობით გამოირჩევით, თქვენი მეხუთე წიგნის – „არ დანებდე ბაკუნა“ პრეზენტაცია მწერალთა სახლში ამის დასტურია, კარგი იქნება თუ გვამოგზაურებთ თქვენს შემოქმედებით სამყაროში და ამ დღეს მოიგონებთ.
– ჩემი პირველი წიგნის პრეზენტაციას დავესწარი, მომდევნო სამის წარდგენა უჩემოდ შედგა, თუმცა დარბაზს უჩემობა არ დატყობია, შორიდან დავპირდი ჩემს მკითხველებს, რომ მომდევნო წიგნის პრეზენტაციას დავესწრებოდი და ეს იყო ჩემი მეხუთე წიგნის – „არ დანებდე ბაკუნა“ – პრეზენტაცია. ყველა ჩემი წიგნი სევდიანია, მაგრამ მეხუთე წიგნის ყველა ფურცელი ცრემლებითაა დაწერილი. ამის დასტური იყო დამსწრეთა ცრემლიანი თვალები, დარბაზის კედლებმაც კი იგრძნო ტკივილი, მე ცრემლები ყელში მეჩხირებოდა, მიჭირდა… ჩემი მეხუთე წიგნი მოგითხრობთ ბაკუნა (ვიქტორ) კვერღელიძის სულის უკვდავებაზე, მისი კრედო გამომდინარეობს მშობლების, წინაპართა ფესვებიდან… იშვა ადამიანი – ბაკუნა, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სამყარო, საკუთარი მზე, მზე იმდენად მას არ ათბობდა, რამდენადაც სხვას უნაწილებდა… მკითხავთ, ვინ იყო ბაკუნა? – ყოველთვის სამაგალითო, კარგი შვილი, საუკეთესო ძმა, კარგი მამა, მეუღლე, მეგობარი, მრჩეველი, სიტყვის საქმით აღმსრულებელი, დიდი ადამიანი, გმირი, ყველასთვის მისაბაძი, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, დიდი ქველმოქმედი, შეუდარებელი იუმორის და ენერგიის მატარებელი, ადამიანთა მოყვარე…
– როგორია თქვენი ამჟამინდელი განწყობა, რა შემოქმედებით სიახლეს უნდა ველოდოთ, პროზა თუ პოეზია, რომელს უფრო ელტვის ახლა თქვენი სული?
– ახლა სტამბიდან გაცოცხლდა ჩემი მეექვსე წიგნი „დავიღალე უფალო“…
დასასტამბად მზად მაქვს კიდევ ორი წიგნი – „ემიგრანტად
არ დავბადებულვარ“ და „იტირე სულო“, მალე მზად მექნება მეცხრე წიგნის კრებულიც, 400-ამდე ლექსით, რომელსაც მკითხველს, როგორც ადრე, ახლაც უანგაროდ მივაწოდებ! მიყვარს პროზა და პოეზიაც!
– მწერლები, რომლებთან კომუნიკაცია თქვენთვის ერთგვარი
ინსპირაციაა…
– მწერლებთან ჩემი წიგნის პრეზენტაციებზე ვურთიერთობ, გულდასმით ვუსმენ და ინფორმაციას ვიღებ ღირსეული, ღვაწლმოსილი მწერლებისგან. თითქმის ამომწურავად, მაქსიმალურად განიხილავენ ნაწარმოებებს. არაერთი ცნობილი, ღირსეული მწერალია ჩემი წიგნების რედაქტორი, მათ კარგად ესმით ჩემი სათქმელის, სიძნელეების, მაქებენ კიდეც, რაც სტიმულია ჩემთვის.
– როგორი მკითხველი ხართ, ბეჭდურ წიგნს უფრო ეტანებით, თუ ელექტრონულს, ბოლო დროს წაკითხული წიგნები…
– გულშემატკივარი ვარ და სიამოვნებაცაა ბეჭდური წიგნის წაკითხვა, ადვილია და იოლად ვაკეთებ კონცენტრირებასაც. მრავალი მწერლის მკითხველი ვარ, ამ ბოლო დროს კი დაკავებული ვარ საკუთარი წიგნებით… ემიგრანტის ცხოვრება ადვილი როდია, დროის ნაკლებობაც ხომ სათქმელია…
– ხელოვნურ ინტელექტს თუ იყენებთ?
– ხელოვნური ინტელექტი მყისიერ უკურეაქციასაც იძლევა და დიდად არ ვეტანები, ალბათ ჩემი დროის უკმარისობის შედეგია.
– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებთ?
– საკუთარ თავზე საუბარი რთულზე მეტია, მიჭირს, რადგან თავი ვერასოდეს შევიყვარე. თვითრწმენისთვის გამოცდილება აუცილებელია, რაც ძალიან დაგვიანებულ ასაკში მივიღე. ვიტყოდი, ძალიან გავიზარდე და რომ ვენდო საკუთარ თავს და ცხოვრებას, უკვე გვიანაა… ადამიანში კი ვაფასებ მადლიერებას, რადგან ყველაზე დიდი ცოდვაა უმადურობა, ღმერთისგან მწარედ ისჯება.
– რისი დავიწყება გსურთ და რატომ, თქვენი ცხოვრების რომელ ეპიზოდებს მოიგონებდით სიხარულით?
– უბედური და სატირალია ის, ვისაც ჰქონია კარგი თუ ცუდი წარსული და ცდილობს დაივიწყოს… წარსულის დამვიწყებელი მომავალზეც ხელს იღებს… ყველა ჩემი ქმედება ჩემი ძალაა, ბზარები კი გამოცდილების კვალია, რომელმაც ახალ გზას კარი გაუღო. ჩემთვის დიდი სიხარული და ბედნიერება იყო, როდესაც ღვთისმშობელმა, წმიდა მარიამმა, შეუღლებიდან რვა წლის თავზე, ღირსად მცნო, დედა გავმხდარიყავი, მისახსოვრა წელი, თვე, რიცხვი, საათი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ჰოდა, ჩემს ცხოვრებაში ორ წელს ვაღმერთებ 1979 და 1980 წელს! ამ ორმა წელმა კიდევ დიდი სიხარული მაჩუქა და ეს იყო 1996 წელი…
– როგორც ლამაზად შვილთა აღმზრდელი დედა რას ეტყოდით მკითხველს, რას ურჩევდით ამ მიმართებით?
– ჰო, შვილებს მარტო გაზრდა არა, აღზრდაც სჭირდება… მაგრამ მერწმუნეთ, მათთან ერთად დედაც იზრდება და სანამ გაიზრდება, ბევრ შეცდომასაც დაუშვებს, ისევ შვილების სიყვარულის გამო… ემიგრანტის გადმოსახედიდან ყველა მკითხველს, ყველა დედას ვურჩევდი: არასოდეს მიატოვოთ შვილები, ემიგრანტობა ეს ის დიდი ტკივილია, რომელიც ყველაზე თბილ გრძნობას, ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მოგონებებს გართმევს, განადგურებს და რჩები მარტოდ… იყავით შვილებთან, შეირგეთ ის ცხოვრებისეული სიტკბო, რასაც ოჯახი და დედაშვილობა ჰქვია… გიყვარდეთ საკუთარი თავი!
– როცა ბუნებაში ხართ… რა გიზიდავთ ყველაზე მეტად, სად გრძნობთ თავს ბედნიერად?
– „ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა“ – თავადაც ჰო, ბუნების ნაწილი ვარ და ჩემი სიცოცხლე ბუნებაზეა დამოკიდებული… ხიდან ჩამოგდებულ ფოთოლსაც მინდა მოვეფერო, რომელმაც სიცოცხლე დაასრულა და მიწის ნაწილად უნდა იქცეს. მიყვარს შემოდგომის ტყეში გასეირნება და თავს ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც სხვადასხვა ფრინველის თავბრუდამხვევი გალობა მესმის…
– დაბოლოს, თქვენი უმთავრესი გზავნილი სამყაროს, საქართველოს, ჩვენს მკითხველებს…
– პირიქით, დღეს ვინტერესდები და მაფიქრებს – სამყაროს რა გზავნილი აქვს სიცოცხლისთვის, როცა ნგრევას იწყებს, არეულია, მსოფლიო ცეცხლშია გახვეული, რა გადაგვარჩენს?! ვფიქრობ, „ღვთისმეტყველების საათი“ – ერთსულოვნება განურჩევლად ეროვნებისა, ღმერთის რწმენა, ვილოცოთ ერთად, რომ მშვიდობა დადგეს ამ სასჯელმოსახდელ სამყაროში… საქართველოს ცა არასოდეს გაშავდეს, მომავალ თაობას ეხაროს ამაღლებულ, თავისუფალ საქართველოში. ჩემო მკითხველებო, მეგობრებო, ჩემებო, მიყვარხართ, უთქვენოდ მე არავინ ვარ…. მადლობას და სიყვარულს გიგზავნით შორიდან!
ლაშა ხომერიკი