დიუშენის სამკურნალო ერთ-ერთი თანამედროვე პრეპარატის საქართველოში ხელმისაწვდომობაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მნიშვნელოვან ეტაპზეა გადასული. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია, ხოლო მეორე პრეპარატთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.
მშობლების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს წამლების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიებთან. პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ფარმაცევტულ ორგანიზაციებთანაც, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორთან დიუშენის პაციენტების კლინიკურ კვლევებში შესაძლო ჩართვის მიზნით.
მშობლები იმედოვნებენ, რომ ორივე მედიკამენტთან დაკავშირებული პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოში დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატები უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება. მათი თქმით, საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„გვინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. თქვენი თანადგომა ამ პროცესში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ერთად ვიზეიმებთ”,- აღნიშნულია განცხადებაში.