დრამატულმა თეატრმა სეზონი პრემიერით დახურა
By

დრამატულმა თეატრმა სეზონი პრემიერით დახურა

ბათუმის დრამატულმა თეატრმა 147-ე თეატრალური სეზონი ფრიდრიხ შილერის უკვდავი დრამის – „ვერაგობა და სიყვარული“ – პრემიერით დაასრულა. კლასიკური ნაწარმოების თანამედროვე სასცენო ინტერპრეტაცია რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მაყურებელს ემოციური, აქტუალური და შინაარსით დატვირთული წარმოდგენის სახით შესთავაზა.
ფრიდრიხ შილერის ცნობილი პიესა სიყვარულის, თავისუფლების, მორალური არჩევანის, ძალაუფლებისა და საზოგადოებრივი უსამართლობის მარადიულ თემებს ეხება. რეჟისორის ჩანაფიქრით კი სპექტაკლი მხოლოდ კლასიკური ტექსტის გაცოცხლება არ არის – ის თანამედროვე საზოგადოების პრობლემებზე, ადამიანებს შორის ემოციების დეფიციტსა და იმ ღირებულებებზე გვესაუბრება, რომელთა მიმართაც საზოგადოებას სულ უფრო მეტად უჩნდება ნოსტალგია.

გოჩა კაპანაძის თქმით, შემოქმედებითი გუნდის მთავარი მიზანი იყო, კლასიკური ნაწარმოები თანამედროვე თეატრალური ენითა და ახალი სასცენო ხედვით წარედგინათ მაყურებლისთვის, რათა შილერის სათქმელი დღევანდელ რეალობასთან კიდევ უფრო ახლოს მისულიყო და თითოეულ მაყურებელს მისცემოდა შესაძლებლობა, ნაცნობ თემებზე ახლებურად ეფიქრა.
– ძალიან ვღელავდით, ვცდილობდით, წარმოდგენა ყოფილიყო თანამედროვე და გასაგებად გვესაუბრა არსებულ პრობლემებზე. აქ არის ხელოვანისა და საზოგადოების ურთიერთობა, ხელოვანის ბედი ასეთ გარემოში და, რა თქმა უნდა, სიყვარული, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს. რომანტიზმი, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრებაში გვაკლია, აღარ ვსაუბრობთ ამაღლებული ფრაზებით, გრძნობებზე აღარ ვესაუბრებით საზოგადოებას, არადა, ეს მას სჭირდება, მოსწონს და ნოსტალგიაც აქვს. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის დრამატულ თეატრს, ყველა ადამიანს, ვინც დაუღალავად შრომობს, ყველა მსახიობს და განსაკუთრებით მაყურებელს, რომლის შეფასების გარეშე არაფერი გამოვა, – განაცხადა გოჩა კაპანაძემ.

სპექტაკლი მაღალი წრის წარმომადგენლისა და უბრალო ოჯახის ქალიშვილის ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას გვიყვება. ეს არის ამბავი, სადაც გულწრფელი სიყვარული უპირისპირდება ძალაუფლებას, პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევ ინტრიგებსა და სოციალურ უთანასწორობას. ნაწარმოები ნათლად აჩვენებს, როგორ ანგრევს მმართველი კლასის ცბიერება, მლიქვნელობა და ფარული ზრახვები ადამიანების ბედს, ზღუდავს მათ თავისუფლებას და როგორ ეჯახება სუფთა გრძნობა საზოგადოებაში დამკვიდრებულ უსამართლობას. ამავდროულად, წარმოდგენაში მკაფიოდ იკვეთება სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების გავლენა თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე – როგორ ცვლის პოლიტიკური გარემო ადამიანურ ურთიერთობებს, პირად არჩევანსა და მომავალს.
პრემიერა მაყურებელმა ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეაფასა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ემოციებს ვერ მალავდნენ თეატრის ერთგული სტუმრებიც.
– ვულოცავ ბათუმის დრამატულ თეატრს, ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი პრემიერა იყო. მიხარია, რომ დრამატული თეატრი მაყურებელს  საინტერესო და ხარისხიან სპექტაკლებს სთავაზობს. „ვერაგობა და სიყვარული“  კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კლასიკური ნაწარმოებები  დღესაც აქტუალურია და თანამედროვე ადამიანისთვის  მნიშვნელოვან თემებზე გვაფიქრებს.  ვულოცავ მთელ შემოქმედებით გუნდს ამ წარმატებას.  მადლობა  რეჟისორს,  მსახიობებსა და ყველას, ვინც ამ სპექტაკლის შექმნაში  მონაწილეობდა.  მინდა მომავალ სეზონზეც ასეთივე საინტერესო და წარმატებული  წარმოდგენებით გაგვანებივრონ მაყურებლები, – გვითხრა  თეონა ქათამაძემ.

ბათუმის დრამატული თეატრისთვის 147-ე სეზონი განსაკუთრებით დატვირთული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. თეატრმა მიმდინარე სეზონზე მაყურებელს რვა საპრემიერო წარმოდგენა შესთავაზა. როგორც თეატრში აღნიშნავენ, თითოეული ახალი სპექტაკლი მაყურებელთან კიდევ უფრო დაახლოების, ახალი ემოციებისა და შემოქმედებითი ძიების შესაძლებლობა იყო.
თეატრის დირექტორ კოტე მჟავიას თქმით, სეზონის მთავარი საზომი სწორედ მაყურებლის ემოცია და შეფასებაა.
– მაყურებლის ემოცია არის განმსაზღვრელი, რომ ნაყოფიერი წელი გამოგვივიდა. ყოველ შემთხვევაში, ცდა არ დაგვიკლია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თეატრის ყველა თანამშრომელი მთელი წლის განმავლობაში მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ბათუმელი მაყურებლის წინაშე მთელი სეზონის განმავლობაში ღირსეულად წარვმდგარიყავით. მგონი, გამოგვივიდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ არასრულ ექვს თვეში რვა პრემიერის ჩვენება მოვახერხეთ, ვფიქრობ, ყველაფერზე მეტყველებს, – განაცხადა კოტე მჟავიამ.
147-ე თეატრალური სეზონი ბათუმის დრამატულმა თეატრმა კიდევ ერთხელ დაასრულა იმის დემონსტრირებით, რომ კლასიკური დრამატურგია დღესაც არ კარგავს აქტუალობას. „ვერაგობა და სიყვარული“ მაყურებელს არა მხოლოდ შილერის ეპოქაზე, არამედ თანამედროვე საზოგადოებაზეც აფიქრებს, იმ ღირებულებებზე, რომლებიც დროის მიუხედავად, უცვლელი რჩება: სიყვარული, ღირსება, თავისუფლება და სიმართლე.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივლისი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *