„ევროპა არ არის გეოგრაფიული მიმართულება – ეს არის სახელმწიფოს ხარისხი“
საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირი კეთილდღეობის და სტაბილურობის ცნებებთან ასოცირდება. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ევროკავშირი მნიშვნელოვანი აქტორია აშშ-სთან და ჩინეთთან ერთად, იგი მსოფლიო გეოპოლიტიკაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამ მხრივ ჩნდება კითხვები: რა პლიუსები და მინუსები იკვეთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში, რამდენად მოსალოდნელია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რა ბონუსებს მიიღებს რუსეთი და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპული გზა? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ფარტენაძე გვესაუბრება.
– ვიდრე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე ვისაუბრებდეთ, მინდა გკითხოთ, დღეს რას წარმოადგენს ევროკავშირი და რამდენად მნიშვნელოვანი აქტორია?
– ევროკავშირი დღეს მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება აღარ არის. იგი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და უსაფრთხოების სივრცეა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ შიდა ევროპულ წესრიგს, არამედ ფართო, საერთაშორისო დღის წესრიგსაც. მისი ძალა არა სამხედრო დომინაციაში, არამედ, ნორმატიულ გავლენაშია დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ბაზრის სტანდარტებისა და ინსტიტუციური მდგრადობის გავრცელების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ევროკავშირს აქვს სირთულეები: შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია, მიგრაციის საკითხი, გაფართოების დაღლა, უსაფრთხოების ახალი გამოწვევები, მაგრამ უკრაინის ომის შემდეგ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის კონტინენტის სტრატეგიული ცენტრი სანქციების, ფინანსური დახმარების, პოლიტიკური მხარდაჭერისა და გაფართოების პოლიტიკის მთავარი აქტორი.
– ევროკავშირის ძირითადი მოწინააღმდეგეები რომელი სახელმწიფოები არიან და რატომ?
– ევროკავშირის მთავარი სისტემური მოწინააღმდეგე დღეს რუსეთია, რადგან რუსეთი ევროკავშირს უყურებს არა როგორც ეკონომიკურ გაერთიანებას, არამედ როგორც დემოკრატიული და ინსტიტუციური მოდელის საფრთხეს პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოსკოვისთვის განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ევროკავშირთან დაახლოება ქვეყნებს აძლევს წესებზე დაფუძნებულ, გამჭვირვალე და სუვერენული განვითარების ალტერნატივას. ასევე, არსებობს კონკურენცია ჩინეთთან უფრო ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გეოპოლიტიკურ დონეზე, თუმცა ჩინეთის შემთხვევა უფრო კომპლექსურია: ის ერთდროულად პარტნიორიცაა, კონკურენტიც და სისტემური გამოწვევაც. ევროკავშირის წინააღმდეგ მოქმედებენ არა მხოლოდ სახელმწიფოები, არამედ, გამძაფრებულად, რუსული ჰიბრიდული ინსტრუმენტებიც: დეზინფორმაცია, კიბერშეტევები, ენერგეტიკული ზეწოლა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერება.
– საქართველოსა და ევროკავშირს შორის 30-წლიანი ურთიერთობის პლუსები და მინუსები…
– ამ ურთიერთობის ყველაზე დიდი პლუსია ის, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის შექმნა განვითარების მკაფიო პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩო. ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული მიღწევები. ევროკავშირთან თანამშრომლობამ საქართველოს მოუტანა განათლების, ვაჭრობის, ინსტიტუციური რეფორმების, საჯარო მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, თუმცა ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები ჩვენს ქვეყანაში ევროპული რეფორმების/რეკომენდაციების ფორმალურ იმიტაციას აღარ ქმნის, ანუ პრობლემა არის არა მხოლოდ ნაკისრი ვალდებულებების (ასოცირების ხელშეკრულებით, კანდიდატის სტატუსით) თუ კანონების მიღება ან გაუქმება, არამედ მათი პრაქტიკული აღსრულება. სწორედ აქ გაჩნდა ის, რასაც აკადემიურად „implementation gap“-ს ვუწოდებთ – განსხვავება ფორმალურ ვალდებულებასა და რეალურ დემოკრატიულ ტრანსფორმაციას შორის.
– ხელისუფლება ამბობს, რომ ურთიერთობები ჩიხში ევროკავშირმა შეიყვანა. რამდენად სწორია ეს?
– ეს არგუმენტი პოლიტიკურად გასაგებია, მაგრამ ობიექტურად არასრულია. ევროკავშირი საქართველოსგან არ ითხოვს არაფერს ისეთს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. მოთხოვნები, ძირითადად, ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მედიის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების დაცვას და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას. ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველო ევროკავშირის გზას დაშორდა და საჭირო რეფორმებში პროგრესი არასაკმარისია. ამიტომ საკითხი ასე არ დგას: „ევროკავშირმა დაგვავალა გაუმართლებელი ვალდებულებები“. საკითხი დგას ასე: ვართ თუ არა მზად, ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც თავსებადია ევროპულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცესთან?
– ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი რას ეყრდნობა?
– ეს საუბარი მხოლოდ პოლიტიკური განცხადება არ არის. ევროკავშირს აქვს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, რომლის საფუძველზეც ის აფასებს, ასრულებს თუ არა ქვეყანა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პირობებს. 2026 წლის მარტში ევროკომისიამ დროებით შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. ეს არ ეხება რიგით მოქალაქეებს, მაგრამ ძალიან სერიოზული პოლიტიკური სიგნალია. ევროკომისიის განმარტებით, გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებას, ანუ დღეს საუბარი სრულ ვიზალიბერალიზაციაზე კი არა, პირველ რიგში, პოლიტიკური გაფრთხილების რეჟიმზეა, მაგრამ თუ დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ეს თემა შესაძლოა, უფრო სერიოზულ საფრთხედ იქცეს.
– ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რა სარგებელს მისცემს რუსეთს?
– ეს იქნება რუსეთისთვის ძლიერი პროპაგანდისტული გამარჯვება. მოსკოვი ყოველთვის ცდილობს, დაამტკიცოს, თითქოს ევროპა საქართველოს არ ელოდება, თითქოს დასავლეთი ქართველ ხალხს „სჯის“ და თითქოს ევროპული არჩევანი ილუზიაა. ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა რუსულ ნარატივს მისცემს დამატებით მასალას: „ხედავთ, ევროპა გიკეტავთ კარს!“. სინამდვილეში კი პრობლემა იქნება არა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, არამედ იმ რეფორმების შეუსრულებლობა, რომლებიც ამ არჩევანს ინსტიტუციურად უნდა ამაგრებდეს. ამიტომ ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ მოგზაურობის საკითხი არ არის. ეს არის საქართველოს ევროპული იდენტობის, მოქალაქეების თავისუფლებისა და დასავლეთთან პრაქტიკული კავშირის სიმბოლო.
– კუბილიუსის განცხადება ნიშნავს თუ არა, რომ დასავლეთი საქართველოს მაინც დასავლურ ბანაკში განიხილავს?
– დიახ, ეს განცხადება სწორედ ამას მიანიშნებს. ანდრიუს კუბილიუსის აზრით, თუ მოლდოვა, უკრაინა, მონტენეგრო და სხვა ქვეყნები სწრაფად წაიწევენ წინ, ეს საქართველოსთვისაც იქნება ძლიერი არგუმენტი, რომ გაფართოება რეალურია და არა თეორიული დაპირება. დასავლეთი საქართველოს არ თვლის დაკარგულ ქვეყნად. პირიქით, საქართველოს საზოგადოება კვლავ მკაფიოდ ასოცირდება ევროპულ არჩევანთან. პრობლემა არის პოლიტიკური კურსი და ინსტიტუციური უკუსვლა, მაგრამ არა – ქართველი ხალხის ევროპული იდენტობა. საქართველოსთვის მთავარი ამოცანაა, არ აღმოჩნდეს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ისტორიული შესაძლებლობა ჰქონდა და თავად დაკარგა ეს.
– რა რესურსები აქვს რუსეთს სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის წინააღმდეგ?
– რუსეთის რესურსები განსხვავებულია, მაგრამ საერთო ლოგიკა ერთია – გავლენის შენარჩუნება არადემოკრატიული, ჰიბრიდული და ზეწოლის მექანიზმებით. მოლდოვაში რუსეთი იყენებს დეზინფორმაციას, ენერგეტიკულ ბერკეტებს, პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს და დნესტრისპირეთის ფაქტორს, სომხეთში – უსაფრთხოების დამოკიდებულების მემკვიდრეობას, ეკონომიკურ კავშირებსა და შიდა პრორუსულ ჯგუფებს. აზერბაიჯანის შემთხვევაში რუსეთი უფრო ფრთხილად მოქმედებს, რადგან ბაქო ენერგეტიკულად და პოლიტიკურად უფრო ავტონომიურია, თუმცა რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაში მოსკოვი მაინც ცდილობს გავლენის შენარჩუნებას. რუსეთის მთავარი რესურსი დღეს არის არა მიმზიდველობა, არამედ შიში, ქაოსი და ალტერნატივების დაბლოკვა.
– მაკრონის განცხადება სომხეთზე რისი მანიშნებელია?
– მაკრონის განცხადება აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასია ევროპის სტრატეგიულ ხედვაში უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საფრანგეთი ცდილობს, სომხეთს მისცეს პოლიტიკური მხარდაჭერა რუსეთისგან დისტანცირების პროცესში. ბოლო ვიზიტისას მაკრონმა ღიად დაუჭირა მხარი სომხეთის პროევროპულ კურსს და რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების არასანდოობაზე გაამახვილა ყურადღება. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალია: რეგიონში ევროპული სივრცე ფართოვდება. თუ ადრე საქართველო ითვლებოდა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე პროევროპულ აქტორად, დღეს სომხეთიც აქტიურად ცდილობს ამ მიმართულებით გადაადგილებას. ეს ჩვენთვის უნდა იყოს არა ეჭვიანობის, არამედ გამოფხიზლების მიზეზი.
– ოპოზიცია თუ უხსნის მოსახლეობას, რეალურად რა არის ევროპა?
– ჩემი შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი ხშირად სწორად აკრიტიკებს ხელისუფლების ანტიევროპულ ნაბიჯებს, მაგრამ ყოველთვის საკმარისად არ უხსნის საზოგადოებას, რას ნიშნავს ევროპა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ევროპა არ არის მხოლოდ დროშა, ვიზალიბერალიზაცია ან ბრიუსელში ვიზიტი. ევროპა არის დამოუკიდებელი სასამართლო, დაცული მოქალაქე, ღირსეული განათლება, სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი მედია, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა, გამჭვირვალე ბიუჯეტი და ისეთი სახელმწიფო, სადაც კანონია ძლიერი და არა პოლიტიკური ნება. ამიტომ პროევროპული კომუნიკაცია უნდა იყოს ნაკლებად ლოზუნგური და მეტად პრაქტიკული. მოქალაქემ უნდა დაინახოს, რომ ევროკავშირი ნიშნავს უკეთეს სკოლას, უსაფრთხო გარემოს, თავისუფალ გადაადგილებას, სამუშაოს მეტ შესაძლებლობას და სახელმწიფოს, რომელიც მოქალაქეს ემსახურება.
– რა ნაბიჯებია საჭირო ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად და რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირი/ნატო?
– საქართველოს აქვს თავისი სუვერენული უფლება, ჰქონდეს სხვადასხვა პოლუსებთან თუ სახელმწიფოებთან საკუთარი ეკონომ-პოლიტიკური ურთიერთობები – იქნება ეს, მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩინეთთან თუ სხვა ქვეყნებთან, მაგრამ აქ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი „მაგრამ“, ამის მიუხედავად ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორხაზოვანი საგარეო პოლიტიკის გატარება, რომელიც დასავლელი პარტნიორებისთვის იქნება სიგნალი, რომ დიახ, ვაფართოებთ ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორობას, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს ევროკავშირთან, დასავლეთთან გაორმაგებული თანამშრომლობის და პარტნიორობის ფონზე და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება. ეს მოიცავს, პირველ რიგში: სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალურ უზრუნველყოფას, ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტირებას, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზეწოლის შეწყვეტას, მედიის თავისუფლების დაცვას, პოლარიზაციის შემცირებას და ევროკავშირის რეკომენდაციების არა ფორმალურ, არამედ შინაარსობრივ შესრულებას. რაც შეეხება იმას, თუ რას მოუტანს – ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოუტანს ეკონომიკურ ინტეგრაციას, ინსტიტუციურ სტაბილურობას, განათლებისა და შრომის ბაზრის ფართო შესაძლებლობებს, სამართლებრივ დაცულობას და განვითარების მაღალ სტანდარტებს.
ნატოში ინტეგრაცია იმ მოცემულობით, რაც დღეს არის მსოფლიოში, ვფიქრობ, ორმაგ ძალისხმევას მოითხოვს. ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები უფრო რეალურია, ვიდრე ჩრდილოტლანტიკურ ალიანსში, მაგრამ ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ეს ნიშნავს უსაფრთხოების უფრო მყარ გარანტიას. საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის არჩევანი, არამედ სახელმწიფოს გადარჩენისა და მოდერნიზაციის სტრატეგია. ჩემი მთავარი გზავნილი იქნებოდა ასეთი: ევროპა არ არის გეოგრაფიული მიმართულება – ეს არის სახელმწიფოს ხარისხი. თუ გვინდა ძლიერი, თავისუფალი და უსაფრთხო საქართველო, ევროპული გზა უნდა დავაბრუნოთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ რეალური პოლიტიკით.
ლაშა ხომერიკი