ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი 15 წლის უკრაინელმა მოჭადრაკემ მოიგო
ბათუმში დასრულდა ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც ევროპის საჭადრაკო კავშირისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
ევროპის ქალთა პირველობისთვის 32 ქვეყნის 165 სპორტსმენი იბრძოდა, აქედან 30 საქართველოს წარმომადგენელი იყო.
ჩემპიონატი, რომელსაც სასტუმრო „ ეუფორია“ მასპინძლობდა, 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით ჩატარდა.
2026 წლის ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულია 15 წლის უკრაინელი მოჭადრაკე ანასტასია ხნატიშინი (11-დან 9 ქულა). მეორე ადგილი ესპანელმა საბრინა ვეგა გუტიერეზმა დაიკავა (11-დან 8,5 ქულა), მესამე – ავსტრიელმა ოლგა ბადელკამ (ასევე, 11-დან 8,5 ქულა).
მერი არაბიძემ 11-დან 7,5 ქულის მოპოვება შეძლო, რაც მე-9 ადგილისთვის გახდა საკმარისი. სასიხარულოა, რომ მერიმ მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.
– ჩემპიონატი უკრაინელი ახალგაზრდა სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ დასრულებულ ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის, ეს ტიტული ასევე უკრაინელმა დიდოსტატმა, ასაკით პატარა რომან დიჰტიაროვმა მოიპოვა. ეს სასიხარულოა, რადგან ასეთი ომის დროს სპორტსმენებმა მოახერხეს თავისი ქვეყნის გახარება. ერთიც უნდა ვთქვა, ყველა აღნიშნავს, რომ ბათუმში ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩატარდა, რაც ძალიან მახარებს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, მის პრეზიდენტ აკაკი იაშვილს, რომელმაც ამ ჩემპიონატის ასეთ დონეზე გამართვა მოახერხა. ეს გახდება მაგალითი ყველა დანარჩენი ევროპული ქვეყნისთვის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ასეთი მასშტაბური ღონისძიება. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ქართველ მოჭადრაკეებს მაღალი შედეგები ეჩვენებინათ, მაგრამ სპორტი სპორტია… გვითხრა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.
– მალე გავხდები 16 წლის და დავრუნდები ჩემს ქვეყანაში, იქ აღვნიშნავ დაბადების დღეს, ივლისში კი ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატი გაიმართება და იქ მივიღებ მონაწილეობას, – აღნიშნა ანასტასია ხნატიშინმა, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს ევროპული ოქროს მედალი ათწლამდე სპორტსმენებს შორის.
– ძალიან კარგი სტარტი მქონდა – 7-დან 6 ქულა, მაგრამ დასანანია, რომ ორი მარცხი განვიცადე, თუმცა კარგი ფაქტი ისაა, რომ მარცხის შემდეგ არ დავნებდი და საბოლოოდ მაინც მოვიპოვე მსოფლიო თასის საგზური, – გვითხრა მერი არაბიძემ, რომელიც 2023 წლის ევროპის ჩემპიონია და საქართველოს ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფლობს, ის, ასევე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორია.
– კარგია, რომ ამ ჩემპიონატზე მერი არაბიძემ მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. მასთან ძალიან ახლოა ბელა ხოტენაშვილი და ვფიქრობ, მასაც ექნება საშუალება, რომ მსოფლიო თასზე ითამაშოს. მართალია, მედლები არა, მაგრამ იმ 30-მა ქართველმა მოჭადაკემ, რომელიც ტურნირში მონაწილეობდა, მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. ღონისძიება ფიდესა და ევროპის საჭადრაკო კავშირის მოთხოვნებით, უმაღლეს დონეზე ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, გასახარია. აღნიშნავენ, რომ ყველა სტანდარტი დაცული იყო. მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ჭადრაკის ფედერაციას, საქართველოსა და აჭარის სპორტის სამინისტროებს, რომელთა მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობთ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზატორი ფედერაცია ვართ მსოფლიოში, – გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა

