„ეს ისტორიული მოვლენა, საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ იქცევა“
By

„ეს ისტორიული მოვლენა, საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ იქცევა“

სახალხო დღესასწაულ „სელიმობის“ მონაწილეებმა ტრადიციას არც წელს უღალატეს და ნიგაზეულში, წყანიშურების უბანში, სელიმ ხიმშიაშვილის საფლავს პატივი მიაგეს. აქ მოვიდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გოჩა მიქელაძე, ხიმშიაშვილთა გვარის წარმომადგენლები. მათ გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ეროვნული გმირის საფლავი. სასიქადულო მამულიშვილის, სამშობლოზე შეყვარებული რაინდის შესახებ მრავალი საქებარი სიტყვა ითქვა. წლების განმავლობაში ისტორიის ფალსიფიკატორები ლამობდნენ სელიმისათვის ჩირქი მოეცხოთ და თურქოფილად მოენათლათ. ხარიტონ ახვლედიანი იყო პირველი მეცნიერ-ისტორიკოსი, რომელმაც სელიმ ხიმშიაშვილს ჩამობანა ეს ხელოვნურად მოცხებული ჩირქი. მისმა მეცნიერულმა მოღვაწეობამ დიდი სამსახური გაუწია ჩვენი კუთხის კულტურის განვითარების საქმეს.

მადლიერი ერი დიდი მამულიშვილის ღვაწლს რომ არ ივიწყებს, დასტურად სახალხო დღესასწაულის დაწესებაც საკმარისია. ადგილობრივი მოსახლეობა უკეთ ეცნობა მის თავდადებას, სიცოცხლის შეწირვას, რომ აჭარა სამუდამოდ არ დარჩენილიყო ოსმალო დამპყრობლების უღელქვეშ. სელიმის დაწყებული საქმეები სისრულეში მოიყვანა მისმა შვილიშვილმა შერიფ ხიმშიაშვილმა. ამ უკანასკნელის უკვდავსაყოფად სხალთაში არსებული ხიმშიაშვილების რეზიდენცია, სადაც „დიდი გამოხსნის“ გეგმა შემუშავდა, უკვე შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმადაა ცნობილი.

„სელიმობის“ მონაწილეებს ეროვნული გმირისა და მისი შთამომავლობის ფასდაუდებელ ღვაწლზე ესაუბრა მუზეუმის ხელმძღვანელი იზოლდა სურმანიძე.

სამშობლოსთვის თავგანწირული რაინდი ქრისტიანობის მიმდევარი რომ იყო, ამას აწ გარდაცვლილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათქვამიც ცხადყოფს: „ქართველმა ხალხმა და მისმა მადლიერმა შთამომავლობამ ჯეროვანი პატივი უნდა მიაგოს საქართველოს ეროვნული მთლიანობისთვის და უცხო ტომელთაგან განთავისუფლებას თავშეწირულ, ღირსეულ მამულიშვილს, სელიმ ხიმშიაშვილს. მის ტანს მოშორებული თავი, სტამბოლს დამარხული, მოძიებულ უნდა იქნას, რათა გამთლიანდეს მისი სხეული და საქართველოსთვის თავგანწირული რაინდის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ღვაწლის დასაფასებლად, გამთლიანებული სხეული, მიბარებულ იქნას მთაწმინდის წმინდა მიწას; ეს ისტორიული მოვლენა სრულიად საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ იქცევა“. იმედია, ილია მეორის ეს სიტყვები ასრულდება და ეროვნული გმირის ნეშთი მთაწმინდას მიებარება.

სხალთის ტაძარში სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა და ეპარქიის მღვდელმსახურებმა ეროვნულ გმირს პანაშვიდი გადაუხადეს.

ნიგაზეული, სხალთა, ბაკო – სერიყანა, სადაც მას თავი მოკვეთეს, ათეულობით კილომეტრითაა ერთმანეთს დაშორებული. წლევანდელი „სელიმობის“ მონაწილეებმა – აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხულოსა და მეზობელი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა, ღვთისმსახურებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს სერიყანაში არსებული მემორიალი.

– სელიმი ხიხანის ციხეში თითქმის სამი თვე იყო ჩაკეტილი. მას აქ თან ახლდა 1500-კაციანი (ზოგი ცნობით – 400) არმია, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ სურსათის მარაგი გაუთავდათ. ციხის კედლებში შიმშილის საშიშროება იმდენად გამწვავდა, რომ იქ შეფარებულებს სიკვდილის საფრთხეც კი დაემუქრათ. ციხის ქონგურებზე გადამდგარი მეთაური კარგად ხედავდა, მტრები როგორ დაუნდობლად წვავდნენ ახლო-მახლო სოფლებს, როგორ შეუბრალებლად აწიოკებდნენ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამ მოვლენების მიმართ სელიმი გულგრილი ვერ იქნებოდა. თვითონვე გასცა ბრძანება, კარი გაეღოთ, რათა ღირსეულად ჩაბარებოდა მტერს. ამით თავისი 1500 თანამოძმე შიმშილისაგან სიკვდილს, ხოლო სოფლები – დაწვა-აწიოკებას გადაარჩინა. სელიმი ოსმალთა ჯარს ჩაბარდა და პირველი, რაც ითხოვა, ის იყო, რომ მისი მხლებლები არ დაესაჯათ და შეეწყვიტათ სოფლების დარბევა. სელიმი თავის მოკვეთით დასაჯეს, მაგრამ მის გარდა არავინ დაღუპულა. სოფლების აწიოკებაც შეწყდა. სოფლის სახელით მადლობა ყველას, რომ სელიმს ასეთ პატივს მიაგებენ, – გვითხრა ბაკოს საჯარო სკოლის დირექტორმა ხარიტონ დუმბაძემ.

რამდენიმე წლის წინ „სელიმობის“ სახალხო დღესასწაულზე ბაკოს საჯარო სკოლას სელიმ ხიმშიაშვილის სახელი მიანიჭეს. წლებია, დასკვნითი ზეიმი სკოლის სტადიონზე იმართება. წლევანდელი „სელიმობის“ წამყვანებმა ანანო სურმანიძემ და ლაშა ბოლქვაძემ საზოგადოებას ერთხელ კიდევ შეახსენეს ეროვნული გმირის ცხოვრებისა და სამშობლოს წინაშე დამსახურების ცალკეული ეპიზოდები. მისასალმებელი სიტყვით გამოსულებმა: ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერებმა ვახტანგ ბერიძემ, ომარ ტაკიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხულოელთა დელეგატებმა ანზორ ბოლქვაძემ, მინური პაქსაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ელისო ბოლქვაძემ, დენის სალუქვაძემ, მეუფე სპირიდონმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ხარიტონ დუმბაძემ, ხიმშიაშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ვასო ხიმშიაშვილმა სელიმის დამსახურებაზე ისაუბრეს.

სახალხო დღესასწაულზე მხატვრული პროგრამით წარსდგნენ ხულოსა და შუახევის კულტურის ცენტრებთან, ხიხაძირისა და სხალთის კულტურის სახლებთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ეთნოგრაფიული ანსამბლი „ხელგაშლილა“. ბაკოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნინი დუმბაძემ და გიორგი მიქელაძემ სელიმისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, ხოლო სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „სელიმ ხიმშიაშვილი“.

– „სელიმობის“ სახალხო დღესასწაულს დიდი დატვირთვა აქვს. სელიმ ხიმშიაშვილი ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია იმ სამხრეთელი ქართველებისა, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს თურქთა ბატონობისაგან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს განთავისუფლებაში. აჭარის კულტურის სამინისტრო უკვე მუშაობს, რომ ბათუმის დრამატულ თეატრში დაიდგას სელიმისადმი მიძღვნილი სპექტაკლი. სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმის მუშაობაზე წიგნის გამოცემას ვაპირებთ, – გვითხრა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.

– შუახევი და ხულო მეზობელი რაიონებია. სელიმი ცხოვრებითა და გმირული საქმეებით ორივე რაიონთანაა დაკავშირებული. კარგი იქნება, ზეიმი რიგრიგობით ნიგაზეულსა და ბაკოში გაიმართოს, – თქვა ომარ ტაკიძემ.

– აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისა და ხულოელთა დელეგატის რანგში სახალხო დღესასწაულს პირველად დავესწარი. მადლობა დღესასწაულის ინიციატორებსა და წლევანდელი ზეიმის ორგანიზატორებს. ყველა აღიარებს, რომ ასეთი ხალხმრავლობა ჯერ არ ყოფილა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოება ღირსეულ მამულიშვილებს არ ივიწყებს და სათანადო პატივს მიაგებს, – გვითხრა მინურ პაქსაძემ.

„სელიმობის“ ზეიმს ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივნისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *