ვარდო დევაძის შემოქმედებითი საღამო – „მე აჭარელი ქალი ვარ“
რესტორან „სანაპიროში“ ვარდო დევაძის შემოქმედებითი საღამო „მე აჭარელი ქალი ვარ“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი საბავშვო პოეტის შემოქმედების გაცნობა-პოპულარიზაცია და ქართული პოეზიისადმი ახალგაზრდების დაინტერესება იყო.
საღამოში მონაწილეობდნენ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები. სკოლის მასწავლებლებმა, მარინა ბერიძემ და ვენერა თურმანიძემ, ბავშვებთან ერთად ვარდო დევაძის ლექსები წარმოადგინეს.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ა(ა)იპ „მწიგნობარის“ მოსწავლეები სესილი თავართქილაძე და გეგა სურმანიძე (ხელმძღვანელი მანანა წულუკიძე), რომლებმაც პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
შემოქმედებით საღამოს თბილისიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. გამომცემლობა „მერანის“ დირექტორმა და ვარდო დევაძის წიგნების რედაქტორმა მანანა გოგიშვილმა, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, პოეტი ქართული კულტურის ღვაწლმოსილის წოდებით დააჯილდოვეს. ასევე, დაჯილდოვდნენ პოეტები მზია გუმბერიძე, ლინდა ლორთქიფანიძე და ნათელა კუპრაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმელი პოეტები, მწერლები და თხილნარის მცხოვრებლები.
საღამოს დასასრულ, ვარდო დევაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ინიციატორს, ზედა თხილნარის სკოლის პედაგოგ ვენერა თურმანიძეს, ასევე ყველა სტუმარს, შემოქმედებით საღამოში მონაწილეობისთვის.