ვეტერანებს მოეფერნენ
ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში შუახეველთა წილიც დიდი იყო, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში. იმ დროისთვის ქართულ ჯარში 900-ზე მეტი შუახეველი ჭაბუკი მსახურობდა. მრავალი მათგანი ოკუპანტების პირისპირ იბრძოდა. მათ ამაგს უფასებენ. ასე იყო ვეტერანების დღესაც.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ, ვეტერანის დღე მიულოცეს და სამშობლოს წინაშე გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მათ იმ სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც შუახევში ხორციელდება, მათ შორის ვეტერანების მხარდასაჭერ სოციალურ პროგრამებზე. ითქვა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შუახევის განყოფილების წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე მყოფმა ვეტერანებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
თამაზ მგზავრიძე