„ვეფხისტყაოსანი – ხელიდან ხელში“
ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის მე-10 (გ) კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში :„ვეფხისტყაოსანი – ხელიდან ხელში“, რომელსაც ახორციელებს ა(ი)იპ ორგანიზაცია „ქალთა ლაშქარი“ პოეტ გულიკო გაბაიძის ხელმძღვანელობით. მისი მხარდაჭერითა და ჩართულობით მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ქართული ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს და აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო-კულტურულ საქმიანობაში.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გულიკო გაბაიძემ, პედაგოგებმა მანანა გოგუაძემ და გულნარა ბასილაძემ, მოსწავლეები გონიოს ციხის ტერიტორიაზე წაიყვანეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს და წარმოადგინეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“. პროექტის მიზანია მოსწავლეებში ქართული კლასიკური ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და წიგნის კითხვის კულტურის ხელშეწყობა.

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ დადებითად შეაფასა მოსწავლეთა ჩართულობა და მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობა. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე ესწრებოდა.
– განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროექტში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს მანანა გოგუაძეს გაწეული შრომისა და მოსწავლეებში ქართული ლიტერატურის სიყვარულის გაღვივებისთვის,- გვითხრა გულიკო გაბაიძემ.
ცოტნე ცაბაძე