„ზე-კართან“ აჭარის მთიანეთში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას უწყობს ხელს“
By

„ზე-კართან“ აჭარის მთიანეთში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას უწყობს ხელს“

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიურპრიზებსა და სიახლეებს ყოველ წელს სთავაზობს. წელს მეთოთხმეტედ ჩატარებული ფესტივალის სიახლედ უნდა ჩაითვალოს წიგნის „პოეტური დიალოგები“ გამოცემა. იგი ფესტივალის დამფუძნებელ ვახტანგ ბერიძის „წინათქმით“ იხსნება, მასში შეტანილია ფესტივალის მონაწილე 20-მდე პოეტის ლექსები და მწერალ გიორგი სოსიაშვილის ნოველა „ქვიშის წლები“. წიგნი ორენოვანია (ქართული-იტალიური), მისი მთარგმნელი და სპონსორია ფესტივალის მონაწილე, იტალიაში მომუშავე პოეტი სოფიკო ბუკია. იტალიური ტექსტის რედაქტორია ასევე ფესტივალის მონაწილე ალესანდრო რუსო, ქართული ტექსტისა – ვახტანგ ბერიძე და გიორგი ხორბალაძე.

წლევანდელი ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ხულოს რაიონის ჩაოს საჯარო სკოლასა და შუახევში გამართულ ღონისძიებებს დაეთმო. მონაწილეებს ვახტანგ ბერიძემ წიგნი „პოეტური დიალოგები“ წარუდგინა და საჯაროდ მადლობა გადაუხადა სოფიკო ბუკიას. საგულისხმოა, რომ 2018 წლიდან ეს ქალბატონი იტალიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. უცხო გარემოში ცხოვრებამ მას მკაფიოდ დაანახა ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელობა. სოფიკო 9 წლის ასაკიდან ლექსებს წერს, 2024 წელს იტალიის ქალაქ მატერაში გამართულ ფესტივალ „ივერიის“ წამყვანი და თარჯიმანიც გახლდათ. მისი ლექსი „დედა“ ამ ფესტივლის გამარჯვებულად დასახელდა. ავტორს გადაეცა პრემია – ილია მართლის ჯვარი და დიპლომი. ახლო მომავალში იგი ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ მოდენაში საკვირაო სკოლის გახსნას აპირებს. სკოლის მსმენელები ხელოვნებასთან ერთად ქართულ ენასაც შეისწავლიან.

ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ფესტივალის მონაწილე პოეტებმა ლექსები წაუკითხეს და მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ. ყველამ განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა ამ სოფლის მკვიდრ თამაზ მახარაძის მისამართით. იგი რამდენიმე წელია ფესტივალის მონაწილეებს თავის სასტუმროში მასპინძლობს.

შუახევის სახელოვნებო და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის შენობის დარბაზი უკვე რამდენიმე წელია, ფესტივალის მონაწილეებს ეთმობათ. წელსაც ასე იყო. კეთილი დახვედრისა და ფესტივალში აქტიური ჩართულობის პასუხად ორგანიზატორმა ვახტანგ ბერიძემ სკოლის დირექტორ ნინო ბერიძეს მადლობის ბარათი გადასცა.

დამსწრეებმა და პოეტებმა ინტერესით მოისმინეს საგურამოს ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დირექტორ ანდრო ბედუკაძისა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ ნინო ვახანიას ლექციები: „მემკვიდრეობა ქართულ მწერლობაში“ და „თეატრი ქართული სიტყვის შემნარჩუნებელი და გადამრჩენი“. დამსწრეთ მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე, შუახეველთა დელეგატი ფრიდონ ფუტკარაძე.

მოდერატორები ვახტან ბერიძე, ნინო მოდრეკილაძე და გიორგი ხორბალაძე ფესტივალში მონაწილე ავტორების პოეზიის საღამოს წარუძღვნენ. ამჯერად, პოეტები ჟანა ანანიძე, სალომეა ლომინაძე, ელგუჯა მარღია, მაია მინდელი, ბადრი სულაძე, შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, პოეტი დავით შემოქმედელი (ტაკიძე), ქალთამზე (ანა) სურმანიძე, ბელა ქებურია, ქეთი ჯოლბორდი, ტარიელ ხარხელაური იმ ლექსების წაკითხვით შემოიფარგლნენ, რომლებიც წიგნ „პოეტურ დიალოგებშია“ შეტანილი. სტუმარ პოეტებს ხმა შეუერთეს შუახეველმა პოეტებმა ფრიდონ და რეზო დავითაძეებმა.

ფესტივალის ორგანიზატორებმა 2015 წლიდან დააწესეს სიმბოლური ჯილდო „ყაბალახოსანი“, რომელსაც ორ მონაწილეს გადასცემენ. პირველად ყაბალახები ბელა ქებურიასა და ემალ ინჯიას გადაეცათ. იმ წლიდან მოყოლებული ფესტივალს 20-მდე ყაბალახოსანი ჰყავს. ტრადიციად დაამკვიდრეს ისიც, რომ მიმდინარე ფესტივალის ყაბალახოსანს წინა წლის ამ ტიტულის მფლობელი ირჩევს. 2025 წლის ყაბალახოსნებმა ნინო ვახანიამ და ანდრო ბედუკიძემ არჩევანი ტარიელ ხარხელაურსა და ქეთი ჯოლბორდზე გააკეთეს. მათ ყაბალახები საზეიმო ვითარებაში შემოახვიეს.

– ფესტივალი „ზე-კართან“ აჭარის მთიანეთში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას უწყობს ხელს. ეს წლევანდელმა ღონისძიებებმაც ცხადყო, მონაწილეთაგან რამდენიმე პირველად იყო აჭარის მთიანეთში. „ზე-კართან“ მარტო ფესტივალი არაა, იგი კულტურათა შორის დიალოგია. მონაწილეობას მომავალშიც ვისურვებდით“, – გვითხრა დავით შემოქმედელმა.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *