ზურაბ აბაშიძე სამ ქვეყანაში საქართველოს პირველი არარეზიდენტი ელჩი გახდა
By

ზურაბ აბაშიძე სამ ქვეყანაში საქართველოს პირველი არარეზიდენტი ელჩი გახდა

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს, წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
მის დიპლომატიურ გამოცდილებას შორისაა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელობა, ასევე ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა. სხვადასხვა პერიოდში იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციასაც იკავებდა.
2012–2024 წლებში ზურაბ აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იყო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, 2024–2025 წლებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად, ზურაბ აბაშიძე აკადემიურ სფეროშიც მოღვაწეობს. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და რამდენიმე წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია.
ზურაბ აბაშიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *