ზურაბ პატარაძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს. ზურაბ პატარაძე დეპუტატების წინაშე გაწეული საქმიანობის, პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციით წარდგა.
მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში გასული 2025 წელი და მიმდინარე წლის პირველი კვარტალი შეაჯამა. მომხსენებლის განცხადებით, ბოლო წლებში სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, სწორად დაგეგმილმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რეგიონს სწრაფი განვითარება მოუტანა. აღინიშნა, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილი რესპუბლიკური ბიუჯეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტი განხორციელდეს.
ზურაბ პატარაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აჭარის მთავრობის მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთო ძალისხმევას. მან პარტია ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, მმართველ გუნდს და ცენტრალურ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის და რეგიონის კეთილდღეობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
– გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ექვსივე მუნიციპალიტეტში ადგილზე გავეცნობით არსებულ მდგომარეობას და ვიზრუნებთ დასახული მიზნების შესრულებაზე. დღევანდელი ანგარიში მხოლოდ ციფრები არ არის – ეს არის საქმეზე დაფუძნებული ანგარიში. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ვიზრუნოთ მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე და შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი გარემო.
მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს და პარტია ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს – ღირსეულ ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაში. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის და ჩვენი რეგიონის, აჭარის კეთილდღეობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარა ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. არსებული პროგნოზით, 2026-2029 წლებში რეგიონის ეკონომიკის ორნიშნა ზრდა შენარჩუნდება და მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად საშუალოდ 12%-მდე გაიზრდება.
ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების ზრდაზეც და აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რეგიონში 1.3 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამასთან, დაიწყო ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარება, სადაც მოსალოდნელია 75 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციის მოზიდვა და დაახლოებით 1 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონში სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ბათუმის შემოვლითი 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობის შემდეგ, რომლის ღირებულება 330 მილიონ ლარამდე იყო, იგეგმება ქობულეთის შემოვლითი გზის ორი ზოლის დამატების პროექტი და ბათუმი-სარფის საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ბათუმიდან სარფამდე 7,5 კმ-იანი გვირაბის მოწყობას მოიცავს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, ბულვარის კეთილმოწყობის პარალელურად, განიხილება ძველი და ახალი ბულვარის ზოლში არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია და ე.წ. მაგნოლიის შენობის ფასადის განხალება. ასევე, გონიოს ხიდის პროექტის განხორციელება.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს როგორც ბათუმში, ისე მუნიციპალიტეტებში. დასრულების ეტაპზეა ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთი. 2026 წელს 46 მიმართულებით გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ასევე, მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომლის შედეგად, ბუნებრივი აირით სარგებლობა უკვე 27 100 აბონენტს შეუძლია.
მიმდინარეობს მუშაობა კურორტ გოდერძის ახალი საბაგირო ხაზისა და ხულოში, თაგოს საბაგიროს სატენდერო დოკუმენტაციის მოსამზადებელ სამუშაოებზე.
აჭარის მთავრობა აჭარის ტელევიზიისთვის თანამედროვე ტიპის მრავალფუნქციური შენობის აგებას გეგმავს, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.
ბათუმის ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის ფარგლებში, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება, ჩაქვის წყალსათავე ნაგებობის გადამცემი ახალი ხაზის და მეჯინისწყლის დასახლებაში 16 ახალი ჭაბურღილის მშენებლობა იგეგმება.
2026-2029 წლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამ ეტაპისთვის დასრულდა ახალი ყინულის არენისა და ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა. იგეგმება ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სპორტული კომპლექსების მშენებლობა, ასევე, თამარის დასახლებაში მდებარე საჩოგბურთო კორტების რეაბილიტაცია.
მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სექტორში არსებულ დადებით დინამიკაზე ისაუბრა. 2025 წელს რეგიონს 4.8 მილიონი ვიზიტიორი ეწვია, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 1.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გაიზარდა როგორც საერთაშორისო ავიარეისების, ისე, მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ვიზიტების რაოდენობა.
ჯანდაცვის მიმართულებით აღინიშნა, რომ 2026 წლის მხოლოდ ხუთ თვეში, სამინისტროს პროგრამებით უკვე 30 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება – რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოება, №1 პოლიკლინიკისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, 2025 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 80.5 მილიონი ლარი იყო, 2026 წელს – 87 მილიონ ლარამდე გაიზარდა, 2027 წელს კი 95 მილიონ ლარს მიაღწევს. 2026 წლის მხოლოდ ხუთ თვეში სამინისტროს 39 პროგრამით 30 334-მა მოქალაქემ ისარგებლა.
აჭარის მოსახლეობას სრულად უფინანსდება მძიმე ონკოლოგიისა და გულის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა. 2026 წელს დაფინანსებით ისარგებლებს 6 500-მდე მოქალაქე და 17 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
ფინანსდება ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები – ღვიძლის, გულის, ფილტვისა და ძვლის ტვინის გადანერგვა. 2025-2026 წლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვა დაუფინანსდა 34 მოქალაქეს, რისთვისაც 4 782 867 ლარი გამოიყო.
2026-2029 წლებში ამოქმედდება ახალი სტრატეგიული სერვისები, მათ შორის: მძიმე ონკოლოგიით დაავადებულთათვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება, უშვილობის მკურნალობის პროგრამის გაფართოება, მოხუცთა დღის ცენტრის მხარდამჭერი პროგრამის ამოქმედება, ბავშვებში მხედველობის დარღვევის ადრეული სკრინინგი.
მიმდინარეობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი 4-სართულიანი შენობის, №1 პოლიკლინიკისა და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა. ასევე იგეგმება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის ახალი რეგიონული ცენტრის მშენებლობა.
2025-2026 წლებში 223-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უსაფრთხო სახლის შესაძენად ან ასაშენებლად 10.5 მილიონი ლარის თანადაფინანსება მიიღო. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2026 წელს 7.7 მილიონი ლარი გამოიყო პაციენტების გადაუდებელი მკურნალობისა და სტიქიით დაზარალებული ოჯახების სახლების აღსადგენად.
პროექტის „ოცნების ქალაქი“ ფარგლებში, შენდება 9 კორპუსი, რომელიც 1 077 ბინას მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 132.5 მილიონი ლარია და იგი 2028 წლის თებერვლამდე დასრულდება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ოცნების ქალაქის“ პროექტს, ასევე, პროგრამას „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის განხორციელების შედეგად, საცხოვრებელი პირობები ასობით ოჯახს გაუუმჯობესდება.
განათლების სფეროში 2026-2028 წლებში დაგეგმილია 30 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 სკოლის რეაბილიტაცია. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2026-2029 წლებში 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
კულტურის მიმართულებით გაგრძელდება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, გრძელდება ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამები. 2026 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 40 მილიონ ლარს აღემატება. საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, 5 000-მდე ფერმერული მეურნეობა დაფინანსდება.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
სხდომას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები. შეხვედრის ბოლოს,ზურაბ პატარაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
მანანა ტაკიძე