ზურაბ პატარაძე: ჩვენი მიზანია, ყველა სოფელში იყოს გაზი, წყალი და ინტერნეტი
By

ზურაბ პატარაძე: ჩვენი მიზანია, ყველა სოფელში იყოს გაზი, წყალი და ინტერნეტი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის და საკრებულოს პასუხისმგებელ პირებთან ერთად, რეგიონის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის სისტემური განვითარებისთვის, ქალაქთან ერთად, აუცილებელია მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გაძლიერება. სწორედ ამიტომ, ადგილზე გასვლების დროს, მთავრობის ყველა მიმართულების წარმომადგენელი მაქსიმალურად იქნება ჩართული საკითხების კოორდინირებულად რეაგირების პროცესში, რაც შემდგომ საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდის. მისივე თქმით, სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ხელისუფლების მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით, არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება და აჭარის მთავრობის ძალისხმევით, ამ პროცესებში, რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ყველა რგოლი თანაბრად იქნება ჩართული.

„მოხარული ვარ, რომ აჭარის მთიანეთში განვითარების ტემპი წლიდან წლამდე იზრდება. ეს პროცესი წარმოუდგენელია ქვეყნის, რეგიონის მთავრობების, მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ჩვენი სტრატეგიული კურსი რეგიონის განვითარებაა და ამ გზაზე მთიანი აჭარის როლი უმნიშვნელოვანესია.

მოსახლეობის მხრიდან გამოცხადებული ნდობა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. გვაქვს ამბიციური გეგმები, რომლებიც როგორც ქალაქს, ისე ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. ვაცნობიერებთ არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსაც. ჩვენი მიზანია, თითოეულ ოჯახამდე მივიტანოთ კეთილდღეობა – ყველა სოფელში იყოს მოწესრიგებული გზა, გაზი, წყალი და ინტერნეტი. ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის კონკრეტული ამოცანა, რომლის შესასრულებლად სრული რესურსი გაგვაჩნია“, – თქვა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონის განვითარებისთვის მთის გაძლიერება და სოფლად ხალხის დამაგრება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი გაკეთდება.

შუახევში არსებულ მდგომარეობაზე, სადღეისო გამოწვევებზე, მუნიციპალიტეტის მერის ომარ ტაკიძისა და საკრებულოს თავმჯდომარის იაგო დავითაძის ინფორმაციები მოისმინეს.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • მაისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *